logo_geo
საქართველოს სანაპირო დაცვისა და NATO-ს ხომალდების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა
- +

11 აპრილი. 2020. 10:41

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და NATO-ს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.

 

სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

 

ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის 2 ხომალდი - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ და NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 5 ხომალდი: „ITS VIRGINIO FASAN“ (იტალია), „HMCS FREDERICTON“ (კანადა), „ROS REGINA MARIA“ (რუმინეთი) და „BGS VERNI“ (ბულგარეთი) და „TCG SALIHREIS“ (თურქეთი).

 

წვრთნების მიზანია NATO-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

 

შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, არ ჩატარებულა საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართა დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების ურთიერთქმედებას.

 

 

 

big_banner
არქივი