logo_geo
თავდაცვის ძალების II ბრიგადა ქობულეთში საკარანტინო რეჟიმს სამართალდამცავებთან ერთად უზრუნველყოფს
- +

13 აპრილი. 2020. 10:28

 

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალს დღეს დილიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები დაემატა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკიდან გამომდინარე დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს II ქვეითი ბრიგადა შსს-ს ძალებთან ერთად აკონტროლებს. 

22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  - გვარასა და ლეღვაში დილიდან უკვე მოაწყო გადაადგილების შეზღუდვის ორი ძირითადი პუნქტი, შემოვლითი გზების ბლოკირებისთვის კი, მცირე ზომის გადაადგილების შეზღუდვის - 7 პუნქტზეა მობილიზებული. ადგილზე დამონტაჟებულია ბარიერები, ღამის ძლიერი განათების სისტემები, მოქალაქეების თერმოსკრინინგისთვის გაშლილია სამედიცინო კარვებიც. ორივე სოფელში აკრძალულია მოქალაქეების შესვლა და გამოსვლა. ამ რეჟიმის აღსრულებას კი, სამხედროები და სამართალდამცავები ერთად უზრუნველყოფენ.

 

დილიდან ქობულეთის საგუშაგოებზე გვარასა და ლეღვაში II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია იმყოფებოდა. მან სამხედროებს საკარანტინო ზონაში მოქმედების შესაბამისი ინსტრუქტაჟი მისცა და სამართალდამცავებთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით 261 149 ავტომანქანა სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს, ხოლო 770 780 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. COVID-19-ის წინააღმდეგ დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფები სამოქმედო არეალში უკვე 39 საგუშაგო არიან მობილიზებული. 

 

 

 

big_banner
არქივი