logo_geo
ლუგარის ინფექციონისტი ზურაბ მირიანაშვილი გარდაიცვალა
- +

13 აპრილი. 2020. 21:43

 

 

ლუგარის ლაბორატორიის ექიმი ინფექციონისტი, ზურაბ მირიანაშვილი გარდაიცვალა,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ახლობლები წერენ.

 

როგორც ფეისბუქზე მიხო მოსულიშვილი წერს, ზურაბ მირიანაშვილს გულის სტენტირება ჰქონდა ჩატარებული და მისთვის გადაღლა არ შეიძლებოდა, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო, ის თავს არ ზოგავდა და მუდმივად ლაბორატორიაში იყო.

 

ნათლის კაცის საკარგყმო

(ზურა მირიანაშვილის გამოსათხოვარი)

 

კორონა-ვირუსის ამ ვერაგული შემოტევის შემდეგ დღე და ღამე ლუგარის ლაბორატორიაში იყო, თავის სამსახურში, უხილავი ფრონტის წინა ხაზზე.

ჰიპოკრატეს ფიცს ერთგულებდა, ყალბად კი არა, მართლა და თავის ვალს ბოლომდე, თავდაუზოგავად იხდიდა, ექიმის ვალს…

ექიმი იყო, გულში სტენტები ჰქონდა ჩადგმული და მშვენივრად იცოდა, რომ სტენტირება იშემიური დაავადების განკურნების საშუალება კი არა, იმისი ყველაზე მწვავე გამოვლინების კორექციაა და სტენტირებული ადამიანი გარკვეულ რეჟიმს უნდა ემორჩილებოდეს…

ისიც მშვენივრად უწყოდა, რომ კორონალური სტენტირების შემდეგ ყველაზე ხშირი გართულება გადაღლილობით გამოწვეული თრომბოზია ხოლმე, თანმდევი ინფარქტის მსგავსი ტკივილით გულმკერდის არეში…

იცოდა, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო, ბოლომდე და პირნათლად უნდა მოეხადა ექიმის ვალი, როგორც ექიმი დედ-მამისგან ისწავლა და შეისისხლხორცა ბავშვობიდანვე…

და ვეღარ გაუძლო იმისმა გულმა…

12 აპრილს, საღამოს ცხრა საათზე ლუგარის ლაბორატორიიდან შინ დაბრუნებული ექიმი-ინფექციონისტი, პროფესორი ზურაბ მირიანაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ზურა ნათლის კაცი იყო, ლამის მთელ ქვეყანას რომ უყვარდა და ესეც წავიდა, ნათელი და ვალმოხდილი…

ჩავლილი საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, როცა ლეიშმანიოზი ახალი შემოსული იყო და ძლივს მიხვდნენ ექიმები, რაც მჭირდა, მაშინ სწორედ ზურამ გამომიგზავნა იმისი სამკურნალო პრეპარატი, უშოვნელი და მიუწვდომელი…

ეს მარტო იმიტომ კი არ გაუკეთებია, რომ ჩემი მეუღლის უახლოესი ნათესავი იყო, ჩემიც, რადგან სხვა უამრავი ადამიანისთვისაც გაუწვდია დახმარების ხელი…

ახლაც ადამიანების გადასარჩენად ჰქონდა გადადებული თავი, თორემ, აკი ვთქვი, სტენტირების შემდეგ როგორ უნდა მოქცეულიყო, ექიმი იყო და იმაზე კარგად ვინ იცოდა…

დიდი ტკივილია შენი უდროოდ წასვლა, ზურა…

მსუბუქი ყოფილიყოს მიწა შენი ხორცისთვის, შენს სულს კი იქ ელხინოს, სადაც უფლის ზეციური საძოვრები და მისივე დიდი ნაძვებია…

 

მიხო მოსულიშვილი

12 აპრილი, 2020“.

 

 

 

big_banner
არქივი