logo_geo
„რა დროს ჯარიმაა, ძმაო?! ვერ გაიგე, მარიამი დაბადებულა!... წავედით სამშობიაროში" - ნახეთ, რა მოხდა კომენდანტის საათის დროს
- +

14 აპრილი. 2020. 01:17

 

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ამბავი, რომელმაც საზოგადოება მოიცვა.

 

 

"მარიამი დაბადებულა!"

 

- ასეთ დროს აქ რას აკეთებთ, - მისალმების შემდეგ ჰკითხა პოლიციელმა ნიკას.

 

- ალბათ 3000 ლარით დამაჯარიმებთ, ხო? - გაეღიმა ნიკას.

 

- შესაძლოა, - პოლიციელმა თავი წარუდგინა და პირადობის მოწმობა მოსთხოვა, - ხომ იცით, რომ კომენდანტის საათია?

 

- კი, ვიცი, - ნიკამ პირადობის მოწმობა გადასცა წესრიგის დამცველს.

 

- გასაგებია, - პოლიციელმა პირადობის მოწმობას თვალი გადაავლო.

 

- იცით, მე მამა გავხდი ამაღამ, - უთხრა სიხარულით სავსე ნიკამ, - პირველი შვილი შემეძინა და სოფელ მამკოდიდან ფეხით მოვდივარ.

 

- იქაური ხართ?

 

- არა, მაგრამ იქ საქონელი მყავს.

 

- ფეხით რატომ მოდიხართ?

 

- ტრანსპორტი არაა, მე კი მანქანა არ მყავს. ვიფიქრე, „ნახალოვკაში“ პირველ სამშობიარომდე ტაქსით მივალ-მეთქი. არც ტაქსია, არც არავინაა, რომ ხელი დავუქნიო და მანქანის გაჩერება ვთხოვო.

 

- პირველი შვილია?

 

- კი.

 

- ბიჭია?

 

- გოგოა.

 

- გათენებას რატომ არ დაელოდეთ?

 

- ვერ შევძელი. მეუღლის გვერდით უნდა ვიყო. ვერ გავჩერდი. საქონელი მეზობელს ჩავაბარე და წამოვედი.

 

- არ მატყუებთ?

 

- არა, გეფიცებით.

 

პოლიციელი ჩაფიქრდა.

 

- რა ხდება მანდ? - გასძახა პოლიციელს მეწყვილემ.

 

- ეს კაცი ნახალოვკაში მიდის, პირველ სამშობიაროში, - მიუგო პოლიციელმა.

 

- რა სჭირს, ორსულადაა, - იხუმრა მეწყვილემ.

 

- პირველი შვილი შეეძინა, გოგონა.

 

- დავეხმარები, თუ დედაჩემის სახელს დაარქმევს, - საპატრულო პოლიციის მანქანიდან გადმოვიდა მეწყვილე და ნიკასკენ გაემართა.

 

- დედაშენის სახელი რატომ უნდა დავარქვა? - ჰკითხა ნიკამ.

 

- დღეს დედაჩემის დაბადების დღეა, მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ჩემს შვილებს მისი სახელი ვერ დავარქვი, რადგან ბიჭების მამა ვარ, ჩემი ძმაც ბიჭების მამაა. არადა დედას კარგი სახელი ერქვა. მოგეწონება.

 

- მაინც რა ერქვა? - დაინტერესდა ნიკა.

 

- მარიამი, - მიუგო მეწყვილემ.

 

- მართლა? - გაუხარდა ნიკას.

 

- კი, მართლა, - თავი დაუქნია მეწყვილემ, - მაგრამ ასე რამ გაგახარა?

 

- იცით, ცხონებული დედაჩემის სახელის დარქმევა მინდოდა ჩემი გოგონასთვის...

 

- მაშინ 300-ლარიანი ჯარიმა არ აგცდება, - თვალი ჩაუკრა მეწყვილემ ნიკას.

 

- საქმე ისაა, რომ ამცდება, - გაეცინა ნიკას.

 

- ვითომ რატომაო? - ჩაეძია მეწყვილე.

 

- იმიტომ, რომ დალოცვილია ღმერთი და სასწაულია განგება მისი. დედაჩემსაც მარიამი ერქვა და დღეს დედაჩემის დაბადების დღეცაა.

 

პოლიციელებს სახეზე გაოცება დაეტყოთ.

 

- მართლა? - ჰკითხა პოლიციელმა და მეწყვილეს ღიმილით გადახედა.

 

- რა თქმა უნდა, - შესძახა ნიკამ.

 

- წავედით სამშობიაროში, - აღმოხდა მეწყვილეს, - არ ვიცი, მართალს მეუბნები თუ მაბოლებ, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ალალი კაცი ხარ.

 

- მერე ჯარიმა? - ჰკითხა მეწყვილეს პოლიციელმა.

 

- რა დროს ჯარიმაა, ძმაო?! ვერ გაიგე, მარიამი დაბადებულა!...

 

პოლიციელებმა ნიკა საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩაისვეს და სირენების გნიასით დაიძრნენ „ნახალოვკისკენ“.

 

 

big_banner
არქივი