logo_geo
ხათუნა ზახაშვილი: წამოვიდა მეორე ჯგუფი, ინიფიცრებულთა ასაკი 50-59 წელია
- +

27 აპრილი. 2020. 21:50

 

 

თუ კორონავირუსის პირველი შემთხვევების დროს 20-29 წლის ასაკის ადამიანები ჭარბობდნენ, დღეისთვის უკვე წამოვიდა მეორე ჯგუფი, რაც 50-59 წლის ასაკია“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა "ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომლის თანახმად, რას უკავშირებს იმას, რომ ჩვენთან ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი პროცენტი 15-29 წლის პოპულაციაზე მოდის, როცა ევროპაში 50 წელს ზემოთაა.

 

მისი თქმით, თავდაპირველად ქვეყანაში ვირუსის შემომტან იმ ადამიანებს შორის, ვინც მოგზაურობაში იმყოფებოდნენ, ახალგაზრდები ჭარბობდნენ, თუმცა მოგვიანებით ეს ტენდენცია შეიცვალა.

 

ზახაშვილის განცხადებით, ყველაზე უფროსი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა 87 წლისაა, ხოლო უმცროსი - 2-ის.

 

ევროპისგან განსხვავებით ჩვენ ეპიდემიის გავრცელების ჯერ კიდევ სხვა ეტაპზე ვიმყოფებით. ჩვენთან ეპიდემიის გავრცელების ინტენსივობა ისეთი არ არის, როგორც ევროპაში და შესაბამისად, ჩვენთან ასე პირდაპირი შედარება, რა ჯგუფებია უფრო მეტად ჩართული, თუნდაც ევროპაში და ჩვენთან რა, ჯერჯერობით თავს შევიკავებდი ასეთი შეფასებისგან.

 

საბოლოოდ, რომელი ასაკობრივი კატეგორია უფრო მეტად დაზარალდება ამ პანდემიისგან მსოფლიო მასშტაბით, იქნება თუ არა განსხვავებები კონტინენტებზე, ქვეყნებში სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებში, ამაზე ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. დღეს რაც გვაქვს სახეზე, ეს არის პირველი ასეული შემთხვევა, რომელიც უკავშირდებოდა ვირუსის შემოტანას საზღვარგარეთიდან და შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომლებიც ზამთრის თვეებში სამოგზაუროდ იყვნენ ევროპაში, რომელთაც შემოიტანეს ქვეყანაში ვირუსი, შედარებით დიდი რაოდენობით იყვნენ ახალგაზრდები, რადგან ჩვენთან ასეთ მოგზაურობებში ტრადიციულად მეტად ახალგაზრდები მიდიან. რაც შეეხება მეტი ასაკის ადამიანებს, ასეთი აქტივობა ნაკლები აქვთ და რაც ვაკვირდები დროთა განმავლობაში, ეს ტენდენცია ცოტა იცვლება და თუ პირველი შემთხვევების დროს 20-29 წლის ასაკი უფრო მეტად იყო ჩართული, დღეისთვის უკვე წამოვიდა მეორე ჯგუფი, რაც 50-59 წლის ასაკია. მაქსიმალური ასაკი, სადაც დაფიქსირდა ვირუსი, არის 87, მინიმალური 2 წლის, მედიანა არის 43 წელი, ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც აჩვენებს, რომ შემთხვევათა ნახევარი დაუფიქსირდა 43 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანს, ნახევარი კი 43 წელზე მეტი ხნისას. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად მტკიცება, რომ 15-29 წლის ასაკია უპირატესად დაზარალებული, ამგვარი შეფასებისგან თავს შევიკავებდი“,- განაცხადა ზახაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი