logo_geo
COVID-19 ქვეცნობიერშიც – კორონავირუსის გამო ადამიანებს სიზმრები შეეცვალათ
- +

28 აპრილი. 2020. 19:33

 

 

არანტინის დაახლოებით მესამე კვირას, 19 წლის ფილიპინელმა, ელეიშ ანგელსმა, დასამახსოვრებელი სიზმრების ნახვა დაიწყო.

 

 

„სიზმარში საავადმყოფოში აღმოვჩნდი და ექიმი ხელის ოპერაციას მიკეთებდა. გამოვედი კლინიკიდან და მხოლოდ ერთი ხელი მქონდა. შემდეგ შემოვტრიალდი და დავინახე, თუ როგორ თამაშობდა ექიმი ჩემი ამპუტირებული ხელით“, – ჰყვება ფილიპინელი BBC-სთან საუბარში.

 

 

ის არ არის ერთადერთი, რომელმაც უცნაური სიზმრების ხილვა დაიწყო. პანდემიასთან ერთად იცვლება არა მხოლოდ მსოფლიო, არამედ იცვლება ადამიანების სიზმრებიც.

 

 

ბევრი ადამიანი ჰყვება, რომ კარანტინების გამოცხადების შემდეგ, მათი სიზმრები უფრო დასამახსოვრებელი გახდა.

 

 

შფოთვა და სტრესი

 

 

ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, დეიდრე ბარეტი, მარტის შემდეგ, სიზმრების აღწერის მასალებს აგროვებს.

 

 

„ნებისმიერ ფაქტორი, რომელიც ადამიანში სტრესს იწვევს, ქმნის დასამახსოვრებელ სიზმრებს. ჩემს კვლევაში, ასეთი მაგალითები ბევრია“, – ჰყვება ფსიქოლოგი.

 

 

ზოგიერთმა რესპონდენტმა თქვა, რომ მათ თითქოს ხელშესახები სიზმრებიც ნახეს.

 

 

„როდესაც ფილმი „ინფიცირება“ ვნახე, იმავე ღამეს სიზმარში კოვიდ-19-ით დავინფიცირდი. ფიზიკურად ვგრძნობდი, რომ ვეღარ ვსუნთქავდი და გულის არეში ტკივილი მქონდა. შემდეგ გამიკეთეს ინექცია და თავს გამოჯანმრთელებულად ვგრძნობდი“, – ჰყვება ერთ-ერთი რესპონდენტი.

 

 

ბარეტი სიზმრებზე ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას დიდი ხანია სწავლობს. მისი თქმით, 2001 წლის, 11 სექტემბრის ტერაქტის და ერაყის ომის შემდეგ, ადამიანების სტრესული მდგომარეობის გამო, მათი სიზმრებიც საშინელ სურათებს ხატავდა.

 

 

მისი თქმით, ომთან დაკავშირებულია ვიზუალური გამოხატულებები, რომელიც ვლინდება სიზმარში, მაგრამ ამჟამინდელი პანდემია, ამ მხრივ განსხვავებულია.

 

 

უხილავი მტერი

 

 

„ეს უხილავი მტერია და როგორც წესი, ადამიანები ასოციაციურად ქმნიან მას. ბევრმა გვითხრა სიზმრების შესახებ, რომლებშიც ისინი უზარმაზარ მწერებს ხედავდნენ, ასევე ცუნამს, ქარიშხალს და მიწისძვრას“, – ჰყვება პროფესორი.

 

 

ულტშირის საგრაფოში მცხოვრებ 24 წლის ჩარლის, ბოლო კვირების განმავლობაში ესიზმრება, რომ მას უზარმაზარი ობობები მისდევენ.

 

 

„ერთხელ დამესიზმრა, რომ უზარმაზარი ობობა ჩემს საწოლზე ამოცოცდა. ის უფერული იყო და სქელი თათები ჰქონდა. მე ოთახიდან გავიქეცი და დედას დავუძახე. მან ობობა ყუთში ჩადო და გარეთ გაიტანა, შემდეგ გამეღვიძა“, – ჰყვება ჩარლი. მისი თქმით, ეს სიზმარი მას რამდენჯერმე დაესიზმრა და ობობა, ყოველთვის მის სახლში იყო.

 

 

პროფესორი ბარეტის აზრით, იმის გამო, რომ ადამიანებს ამჟამად ხშირად უწევთ სახლში ყოფნა, იმახსოვრებენ თავიანთ სიზმრებს დეტალურად. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ასევე არის ისიც, რომ ადამიანებს დღეს უფრო ხანგრძლივად სძინავთ და მაღვიძარას არ აყენებენ.

 

 

სწრაფი ძილის ფაზა

 

 

ადამიანებს ადრე ეღვიძებათ სწრაფი ძილის შემდეგ. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც თვალის გუგები მოძრაობას იწყებს და ჩქარდება გულის ძგერა. სწრაფი ძილის ფაზა დაახლოებით 90 წუთი გრძელდება და სწორად ამ დროს ხედავს ადამიანი სიზმარს.

 

 

თუ ადამიანს ეღვიძება სწრაფი ძილის ფაზის დროს, მას უფრო უმარტივდება სიზმრის დამახსოვრება.

 

 

 „სიზმრები არის ჩვენი ემოციური პასუხი პანდემიაზე.

 

 შევნიშნეთ, რომ გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სწრაფი ძილის დროს შფოთვისგან ეღვიძებათ და ხედავენ საშინელ სიზმრებს“, – განმარტავს ბრიტანელი ფსიქოლოგი.

 

 

ექსპერტების თქმით, რამდენად ემოციურად აღვიქვამთ ამა თუ იმ მოვლენას, მით უფრო დეტალურია სიზმარი. ამიტომაც ომგამოვლილი ადამიანების სიზმრები, გაცილებით უფრო საშიში და შემაშფოთებელია.

 

 

ბედნიერი სიზმრები

 

 

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პანდემიის დროს ადამიანები მხოლოდ ცუდ სიზმრებს ნახულობენ, მაგრამ ეს ასე არ არის. „შეიძლება გაოცდეთ, მაგრამ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ბედნიერი სიზმრები აქვთ. ზოგიერთი ადამიანი ხედავს მომავალს, რომელშიც გარემო არ იქნება დაბინძურებული და ვიღაცა ვაქცინას მოიფიქრებს“, – ამბობს პროფესორი დეირდრე ბარეტი.

 

 

ერთ-ერთი ასეთი ადამიანია ინდოელი ნირუ მალხოტრა. „როდესაც კარანტინი დაიწყო, დამესიზმრა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ასეთი სიმდიდრე მანამდე მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი. სიზმარში უდიდეს ბედნიერებას ვგრძნობდი“, – ჰყვება ნირუ.

 

 

თუ გაინტერესებთ როგორ ნახოთ თქვენ მშვიდი და ბედნიერი სიზმრები, ექსპერტებს პასუხი აქვთ.

 

 

„არსებობს პრაქტიკა, რომელსაც ჰქვია სიზმრის ინკუბაცია. გაღვიძების შემდეგ, საკუთარი გონება განაწყვეთ ისეთ სიზმარზე, რომლის ნახვაც გსურთ.

 

 

 

მაგალითად, წარმოიდგინეთ საყვარელი ადამიანი ან ადგილი. სანამ დაიძინებთ, თქვენს მიერ დაწერილი სცენარი ხშირად გაიმეორეთ გონებაში. არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ ზუსტად იმას ნახავთ, რაც თქვენ თვითონ მოიგონეთ“, – ამბობს ბრიტანელი სპეციალისტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი