logo_geo
წიგნის 10 მაღაზია, რომლებიც კითხვას შეგაყვარებთ
- +

30 აპრილი. 2020. 17:21

 

 

ტექნოლოგიების ეპოქაში  სულ უფრო აქტუალური ხდება ელექტრონული წიგნები, თუმცა,  ქაღალდის წიგნის ერთგულთათვის უამრავი მაღაზია არსებობს. ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე შთამბეჭდავი მაღაზიები,  სადაც  წიგნების ზღვაში ჩაიკარგებით და ინტერიერის დიზაინითაც დატკბებით.

 

#1 Livraria Lello პორტუში, პორტუგალია

ეს შენობა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია „ყველაზე ლამაზი წიგნის მაღაზიის“ ტიტულის მოსაპოვებლად. 100 წელს გადაცილებული შენობა, რომელიც პორტუგალიური მანუელინოს სტილშია გაფორმებული, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. სწორედ Lello იყო ჯოან როულინგის შთაგონების წყარო, როცა ის "ჰოგვართსს" ქმნიდა. შესაბამისად, ეს შენობა ჰარი პოტერის თაყვანისმცემლების ერთ-ერთი „სალოცავი ადგილიცაა".

 

#2 El Ateneo ბუენოს-აირესში, არგენტინა

არგენტინის დედაქალაქში ცალკეული ქუჩები არსებობს, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეძლებთ წიგნის ყიდვას, თუმცა ყველაზე მიმზიდველი მაღაზია El Ateneo-ა, რომელიც ყოფილი თეატრის შენობაში მდებარეობს. ადგილზე თითქმის ყველაფერი უცვლელად შემორჩა: სცენა, აივნები, სვეტები, ხავერდის ფარდა და ა.შ., თუმცა მაყურებლებისთვის განკუთვნილი სკამების  ნაცვლად, წიგნებია განლაგებული. აქ უზარმაზარი არჩევანია, ამიტომ ბორხესისა თუ კორტასარის კითხვას, სცენაზე მდებარე კაფეში შეძლებთ.

 

#3 Cărturești Carusel ბუქარესტში, რუმინეთი

 მაღაზია, რომლის სახელწოდება ითარგმნება, როგორც „სინათლის კარუსელი“  მე-19 საუკუნის ულამაზეს შენობაში, 2015 წელს გაიხსნა.  დაწესებულების დიდებულ ვიზუალს უზარმაზარი სივრცე, თეთრი სვეტები და კიბეები ქმნის. ყოველ ფანჯარასთან არის სკამი, სადაც შეიძლება წიგნის წაკითხვა. გარდა წიგნების რეალიზაციისა, შენობაში სხვადსხვა სახის ღონისძიებები ტარდება, რა დროსაც სინათლეს აქრობენ. სვეტები მწვანედ, წითლად ან ლურჯად ანათებს და სივრცე ღამის კლუბს ემსგავსება.

 

#4 Bartʼs Books ოჰაიოში, კალიფორნია

Bartʼs Books წარმოადგენს ღია ცის ქვეშ გაშლილ წიგნების მაღაზიას, რომელიც მოწყობილია უზარმაზარი თეთრი სახლის გარშემო: სივრცის ერთი ნაწილი პირდაპირ ქუჩაშია, ხოლო მეორე ნაწილი - სახლის შიდა ეზოში.

აქ შესაძლებელია იშვიათი გამოცემების ყიდვა, ხოლო თუ მკითხველი სადილის შემდეგ შემოივლის, პოეტურ საღამოზე აღმოჩნდება.

 

#5 Shakespeare and Company პარიზში, საფრანგეთი

თავდაპირველად ლეგენდარულ წიგნის მაღაზიას Le Mistral ერქვა, რომელიც 1951 წელს ჯორჯ უითმენმა გახსნა, თუმცა, 1964 წელს Shakespeare and Company ეწოდა.

მაღაზიაში ერთი ტრადიცია აქვთ, რომელსაც Tumbleweeds-ს („ბურბურას“) უწოდებენ. ნებისმიერს შეუძლია მაღაზიაში ღამით დარჩენა, თუკი: ა) უყვარს კითხვა და მუდამ კითხულობს; ბ) დაეხმარება მაღაზიის თანამშრომლებს; გ)დაწერს ერთგვერდიან ავტობიოგრაფიას.

 

#6 Barter Books ალნვიკში, დიდი ბრიტანეთი

თუკი სოც. ქსელებს აქტიურად იყენებთ, ერთხელ მაინც მოჰკრავდით თვალს პლაკატის- „Keep Calm and Carry On“-ის (შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოქმედება გააგრძელეთ) ვარიაციებს. 2001 წელს, სწორედ ამ მაღაზიაში, მეორე მსოფლიო ომისთვის გამზადებული პლაკატის ასლი ნახეს. მას შემდეგ, მსგავს პოსტერებს, თითქმის ყველა ლუდის ბარსა თუ მამაკაცთათვის განკუთვნილ სალონში ვხვდებით.

რაც შეეხება უშუალოდ მაღაზიას, ის 1990-იანი წლების დასაწყისში, ძველი რკინიგზის სადგურზე მოაწყვეს.

 

#7 Pages of Hackney ლონდონში, დიდი ბრიტანეთი

მყუდრო გარემო მაღაზიის სავიზიტო ბარათია. შესაძლოა შაბლონურად ჟღერს თუმცა, აქ  თავს ნამდვილად ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.

 

#8 Boekhandel Selexyz Dominicanen მაასტრიხტში, ნიდერლანდები

2007 წელს კომპანიამ Merkx+Girod-მა 700-წლიანი ისტორიის მქონე ტაძარი ლიტერატურულ ჰაბად აქცია, სადაც ფრესკებით მოხატული ჭერი წიგნების თაროებს და მაღაზიაში მისულ ხალხს დაჰყურებს. შეიძლება, ყოფილი ტაძრის ამგვარი გამოყენება მავანმა ღვთის გმობად შერაცხოს, თუმცა ნიდერლანდებში უამრავი მიტოვებული ეკლესიაა და რაკი მიწა ქვეყანაში საკმაოდ ძვირი ღირს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დანგრევის პირას მისული ისტორიული შენობის გარდასახვა გადაწყვიტა.

 

#9 El Pendulo მეხიკოში, მექსიკა

 El Pendulo წიგნის მაღაზიაზე მეტია, რადგან ის არა მხოლოდ მექსიკის, არამედ ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. აქ მოდიან არა მხოლოდ წიგნის შესაძენად, არამედ კლასიკური ჯაზის ცოცხალი შესრულების მოსასმენად.

წიგნს  ბარ Zona Rosa-ში კითხულობენ.  თუკი სტუმარს ადგილობრივი ასორტიმენტი არ მოეწონება, შეუძლია საკუთარი სასმლისა და საჭმლის მიტანა.

 

#10 Corso Como მილანში, იტალია

1990 წელს შექმნილი Corso Como მრავალფუნქციური სივრცეა, სადაც თავმოყრილია წიგნის მაღაზია, მოდური ტანსაცმლის მაღაზიები, რესტორნები და კაფეები. ამიტომ, თუ შოპინგისა და წიგნის კითხვის შეთავსებას მოინდომებთ, Corso Como მშვენიერი არჩევანი იქნება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი