logo_geo
2030 წლისთვის დაავადებების გადამტანი კოღოები, შესაძლოა, ევროპაში გავრცელდნენ
- +

10 მაისი. 2020. 19:11

 

 

ლონდონის იმპერიალ კოლეჯსა და თელ-ავივის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ვარაუდით, ისეთი ინფექციური დაავადებების გადამტანი კოღოები, როგორიცაა ყვითელი ცხელება, ზიკას ვირუსი და დენგეს ცხელება, 2030 წლისთვის ევროპის ტერიტორიაზეც გავრცელდებიან. ამის ხელშემწყობ ფაქტორებად ისინი ჰაერის დაბინძურებასა და კლიმატის ცვლილება ასახელებენ.

 

 

მწერი სახელად Aedes aegypti ძირითადად აფრიკაში ბინადრობდა, თუმცა პლანეტაზე ტემპერატურის მატებასთან ერთად, მისი გავრცელების არეალი ნელ-ნელა ფართოვდება. მოცემული დროისთვის ის თითქმის ყველა ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონში გვხვდება.

 

 

ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევის არსებული და პროგნოზირებული მაჩვენებლების საფუძველზე, მეცნიერებმა მსოფლიოში ტემპერატურის ზრდის სხვადასხვა მოდელი შეიმუშავეს, შემდეგ კი შეეცადნენ დაედგინათ, რა გავლენას მოახდენს კლიმატის ცვლილება კოღოს ამ სახეობის სასიცოცხლო ციკლზე.

 

 

მათ კვერცხის, ლარვის, ჭუპრისა და ზრდასრული ინდივიდის სიცოცხლისუნარიანობა სხვადასხვა პირობებში შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ მაღალი ტემპერატურები მწერის გამრავლებას უწყობს ხელს, რაც მომავალში მის უფრო ვრცელ ტერიტორიაზე გავრცელებას გამოიწვევს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის საშიში დაავადებების გადამტანი კოღოები ევროპის ქვეყნებშიც, მათ შორის ესპანეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთსა და თურქეთში შეგვხვდება. მათი რაოდენობა მოიმატებს ასევე ჩინეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა და იმ რეგიონებში, რომლებისთვისაც ეს სახეობა ენდემურია.

 

 

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნებული ნაშრომი ყველა საჭირო მონაცემს შეიცავს იმისთვის, რომ მოსალოდნელი საფრთხე შევაფასოთ და მის შესაჩერებლად საჭირო ზომები მივიღოთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი