logo_geo
„ეძახდნენ, ირბინეთ, ბოლომდე უნდა გდიოთო“- რა წერია ჩვენებაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე
- +

21 ივლისი. 2020. 23:08

 

 

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ახალ ტომში დაზარალებული გიორგი ქათამაძის დედის ხათუნა ძოწენიძის ჩვენებაა, რომელშიც მისი შვილის მონათხრობს დეტალურად აღწერს.

 

 

როდესაც ტელევიზიით გავიგეთ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის ამბავი და გიორგის ამის შესახებ ვკითხე, მითხრა, რომ დაბადების დღიდან ვახო ახვლედიანთან და კიდევ სამ ბიჭთან ერთად კოკოსთან წამოვიდა. სულ ექვსნი იყვნენ, ელოდებოდნენ ტაქსის. მათთან მანქანა მივიდა, საიდანაც გადმოვიდნენ პიროვნებები, რომლებიც ვერ იცნო. გიორგიმ დაინახა, რომ კოკოს ერთ-ერთმა მათგანმა  ხელში არსებული სავარაუდოდ რკინის ხელკეტი მოუქნია. როდესაც გიორგი კოკოსკენ გაიწია, უკნიდან მოხვდა რაღაც, დაეცა და დაკარგა გონი, თუმცა ახსოვს, რომ უცნობი პიროვნებები დაცემულზეც ურტყამდნენ თავის არეში.

 

გიორგიმ თქვა, რომ როდესაც გონს მოვიდა, ჩამოეყრდნო რაღაც რკინას. რა რკინაზეა საუბარი, გიორგის არ ახსოვს და ვერ აკონკრეტებს. ამ დროს მასთან ვახო და კიდევ 2 ბიჭი მივიდა. ამის შემდეგ, გიორგის თქმით, მათთან მივიდა მეორე მანქანა. მათ იფიქრეს, რომ ისინიც მათთან საჩხუბრად არ ყოფილიყვნენ მისული და გაიქცნენ. კერძოდ, ვახო და კიდევ ორი ბიჭი, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც შემდეგ გაირკვა, იყო გიორგი შაქარაშვილი, მირბოდნენ გიორგის წინ. ვინაიდან გიორგის აღარ ჰქონდა სირბილის თავი, გადაჭრა გზა და ჩაიმალა გზის გამყოფ ზოლში არსებულ ბუჩქებში. როგორც გიორგიმ თქვა, მათ უცნობი პიროვნებები ეძახდნენ „მიდით ბოლომდე ირბინეთ, ბოლომდე უნდა გდიოთო“, - ნათქვამია ხათუნა ძოწენიძის ჩვენებაში.

 

ცნობისთვის, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

 

ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

 

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი