logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: მადლობა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, რომლებმაც ჩემს 2 ძმას სიცოცხლე აჩუქეს
- +

24 აგვისტო. 2021. 14:59

 

 

ამ ისტორიას ახლა  სიამოვნებით მივუძღვნი იმ ქართველ ექიმებს, რომლებიც დღედაღამ  რეანიმაციულ განყოფილებებში ებრძვიან საშინელ კოვიდინფექციას და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ახერხებენ გადაარჩინონ ადამიანები! მადლობა  ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, რომლებმაც ჩემს 2 ძმას -გიას და გოჩას სიცოცხლე აჩუქეს. გულწრფელი მადლიერების ნიშნად, მეც  დავაფენდი თივას თითოეული ექიმის, ექთნის, სანიტრის   საძინებლის ფანჯრებთან!!!

 

მადლობა!!!

***

"ბათუმში, მარიას გამზირზე, ახლანდელ მემედ აბაშიძის 43-ში 1910-49 წლებში ცხოვრობდა ექიმი-თერაპევტი პლატონ გიგინეიშვილი, რომელიც მთელ აჭარას უყვარდა.

პლატონ ექიმი ორი ფერის რეცეპტს უწერდა პაციენტებს - მწვანეს და თეთრს.

გაჭირვებულ პაციენტებს მწვანე ფერის რეცეპტს აძლევდა. აფთიაქში რომ მიდიოდნენ, ფარმაცევტებმა უკვე იცოდნენ- წამლები უფასოდ უნდა მიეცათ. თვის ბოლოს კი, ექიმი ხარჯებს საკუთარი ხელფასით ფარავდა.

პლატონი კარდაკარ დადიოდა და მაშინ ჯერ კიდევ უკურნებელი ინფექციებით - ქოლერით და ტიფით, ასევე მალარიით დაავადებულებს კურნავდა. ხშირად ავადმყოფები შინ მიჰყავდა კიდეც, რითაც საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებდა.

ერთხელ, ახლანდელი 6 მაისის სახელობის პარკთან გაშლილი კარვიდან გოგონების ტირილი შემოესმა. დები აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი ძალიან მძიმედ იყო. მაღალი სიცხე ჰქონდა. პლატონმა გოგონას ტიფი დაუდგინა და დასთან ერთად სამკურნალოდ შინ წამოიყვანა.

ის გოგო  მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე აღმოჩნდა, და კი - რეჟისორ გიორგი დანელიას დედა - მერი.

არაერთი ბათუმელი გადაურჩენია პლატონ გიგინეიშვილს. მან უზარმაზარი წვლილი შეიტანა აჭარაში ტიფის დამარცხებაში.

როდესაც მძიმედ დაავადდა, მის კართან კოლეგებმა გამოაკრეს წარწერა "ჯანის სისაღე".

შემდეგ კი ბათუმელებმა მარიას გამზირზე თივა დაყარეს, რომ ქვაფენილზე მოძრავი ეტლების ხმაურს ექიმის საძინებლამდე არ მიეღწია"...

 

 

big_banner
არქივი