„ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმის მიუხედავად, ევაკუაციის მისია გაგრძელდება“, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა კენეტ მაკკენზიმ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ავღანეთში ამჟამად აშშ-ის დაახლოებით 1000 მოქალაქე იმყოფება.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ძალებისა და ქვეყნის დატოვების მსურველთა დაცვაზე ფოკუსირებას. ჩვენი ამოცანაა აშშ-ის ყველა მოქალაქის, მესამე ქვეყნის მცხოვრებლების, სპეციალური საიმიგრაციო ვიზის მქონეების, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების და რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაცია. ამ თავდასხმის მიუხედავად, ეს მისია გრძელდება", - განაცხადა გენერალმა კენეტ მაკკენზიმ.
ამავე ბრიფინგზე მან დაადასტურა, რომ თავდასხმას 12 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 15-ს კი მკურნალობა უტარდება.
მაკკენზის განმარტებით, თავდასხმებისას თავი აიფეთქა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, შემდეგ კი შეიარაღებულმა პირებმა გახსნეს ცეცხლი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა.