logo_geo
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. სამთავრობო შენობების ირგვლივ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ბრძანება გასცა
- +

4 ოქტომბერი. 2021. 00:27

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. სამართალდამცავ სტრუქტურებს სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ უსაფრთხოების ზომების გაძლიერება უბრძანა.

 

უსაფრთხოების ზომების გაძლიერება ორშაბათს დაგეგმილ ე.წ. პარლამენტის სხდომასთან არის დაკავშირებული. სხდომა 30 სექტემბერს მომხდარ ე.წ. დეპუტატ, გარი კოკაიასთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხება.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დღეს დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან კოკაიას მომხრეების შეკრება იგეგმება. გარდა ამისა, მიტინგზე გამოსვლისკენ თავის მომხრეებს ომის ვეტერანთა ოპოზიციურმა გაერთიანება „არუაამაც“ მიმართა.

 

ბჟანიას თქმით, საჭიროა, 4 ოქტომბერს „დეპუტატებს“ მშვიდად მუშაობის საშუალება მიეცეთ და მათზე ყოველგვარი ზეწოლა თავიდან იყოს აცილებული.

 

მანვე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პარტიების ხელმძღვანელებს, ასევე თანამოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პოლიტიკური აქციების და არასანქცირებული მიტინგების გამართვისგან.

 

30 სექტემბრის ინციდენტის გამო, რომელიც ე.წ.დეპუტატ გარი კოკაიასა და ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება, ასლან ბჟანიამ შს მინისტრი დიმიტრი დბარი თანამდებობიდან გადააყენა

წყარო : wyaro
big_banner
არქივი