logo_geo
ეროვნულ გალერეაში საექსპოზიციო სივრცეების სარემონტო სამუშაოები დასრულებულია
- +

31 ოქტომბერი. 2021. 18:14

 

 

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის საექსპოზიციო სივრცეები სრულად განახლდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების შედეგად სამი საექსპოზიციო დარბაზი, მათ შორის ფიროსმანის დარბაზი, თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების გათვალისწინებით სრულად განახლდა და ამიერიდან, საგამოფენო ექსპონატები ახალ, კეთილმოწყობილ გარემოში განთავსდება.

 

კულტურის სამინისტროსა და ეროვნული გალერეის თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წელს დაისახა ეროვნული გალერეის ახალი საგამოფენო პოლიტიკა. კერძოდ, საგამოფენო სივრცე გაიხსნა თანამედროვე მხატვრებისთვის, სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა მხატვრული აზროვნების მქონე ხელოვანებისთვის და ამით ეროვნულმა გალერეამ სრულად დაიბრუნა თავისი პირველადი, ანუ გალერეის ფუნქცია.

 

ეროვნული გალერეის პირველი სართული, ჩვეულებისამებრ სრული დატვირთვით იმუშავებს პროექტების სახით შესულ გამოფენებზე, ხოლო მეორე სართულზე, განახლებულ სივრცეებში, მანამ, სანამ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს თავად ექნება შესაბამისი, ტექნიკურად სრულად აღჭურვილი საექსპოზიციო სივრცე და შენობა, 2021 წლის 2 ნოემბერს ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების განახლებული, მუდმივი გამოფენა გაიხსნება. ფიროსმანის გამოფენის გვერდით ცნობილი ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის რეტროსპექტული გამოფენაც მოეწყობა, ხოლო შემდეგ ეტაპზე, გალერეაში დაბრუნდება „ქართული მოდერნიზმი“ ახალი ექსპოზიციით, ასევე, გამოფენილი იქნება ხელოვნების მუზეუმის სხვადასხვა ფონდების კოლექციები, მოეწყობა გალერეაში პროექტების სახით შემოსული თანამედროვე მხატვართა საინტერესო ექსპოზიციები.

 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საექსპოზიციო სივრცეების სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 9 სექტემბერს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სრულად განახლდა საექსპოზიციო სივრცეები სამ დარბაზში. საექსპოზიციო სივრცეების მთავარი პრობლემა იყო წვიმის წყლის ჩამოსვლის გამო დაზიანებული და შელახული კედლები. თანდართულ ვიზუალურ მასალაში შეგიძლიათ იხილოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად განახლებული საექსპოზიციო დარბაზები.

 

 

big_banner
არქივი