logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მესამე დოზა
- +

29 მარტი. 2022. 13:13

 

 

„რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მესამე დოზა, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ გადაცილებულმა პირებმა. როგორც ჯანმო-ს მესვეურები ამბობენ, პანდემიის ტოტალური დასრულებისგან კაცობრიობა შორს არის“, - ამის შესახებ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, არსებული ეპიდვითარების ფონზე დამშვიდების შესაძლებლობა არ გვაქვს.

 

„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დამშვიდების შესაძლებლობა არ გვაქვს. რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ. განსაკუთრებით რისკის ჯგუფებს მოვუწოდებთ ვაქცინაციისკენ, კერძოდ, მესამე დოზისკენ. ჩინურმა კვლევებმა აჩვენა, რომ 3 დოზის შემთხვევაში ექვივალენტური მნიშვნელობა აქვს სიკვდილისგან და მძიმე დაავადების დაცვის მხრივ „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „ფაიზერის“ ვაქცინას. რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მესამე დოზა, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ გადაცილებულმა პირებმა. როგორც ჯანმო-ს მესვეურები ამბობენ, პანდემიის ტოტალური დასრულებისგან კაცობრიობა შორს არის. ეს წელი იქნება მონიტორინგი თუ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ გადაითარგმნება ამა თუ იმ ვარიანტის გავრცელების მასშტაბები, თუნდაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჯერ სტაბილურობა გვაქვს, მოსახლეობაც დაღლილია. რეალურად არსებულ რეკომენდაციას გარეთ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით 80-90 პროცენტი არ ასრულებდა. სასურველია, ტრანსპორტში და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეკომენდაცია პირნათლად შევასრულოთ", - აღნიშნავს კულუმბეგოვი.

 

ამასთან, მან იმ სცენარებზე ისაუბრა, რაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს. როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, ეს შეიძლება იყოს შემთხვევების მატება, შეზღუდვების ტოტალური მოხსნა, ასევე იმუნიტეტის შესუსტება.

 

 

big_banner
არქივი