logo_geo
„არ მსურს მყიდდნენ, მამცირებდნენ და სულიერად მანადგურებდნენ“... - ლექსო თორაძის წერილი დედას
- +

12 მაისი. 2022. 17:50

 

 

11 მაისს, აშშ-ში მოღვაწე ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა. მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსს, 30 მაისს 70 წლის იუბილე უნდა ჰქონოდა.

 

ალექსანდრე (ლექსო) თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში.

 

შემოქმედებითი გზის დასაწყისში, უკვე ყველამ იცოდა, რომ მუსიკაში ლექსო თავის სათქმელს იტყოდა და შესაბამის ადგილსაც დაიკავებდა. მან  უკვე ცხრა წლის ასაკში, დაუკრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

 

მსახიობ ლიანა ასათიანისა და მუსიკოს დავით თორაძის ვაჟი, 80-იანი წლების დასაწყისში გასტროლებზე წავიდა და უკან აღარ დაბრუნდა.

 

1983 წლიდან, მუსიკოსი ცხოვრობდა აშშ-ში და ეწეოდა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; აღიარებულია, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტი.

 

წასვლიდან რამდენიმე თვეში, მშობლებმა წერილი მიიღეს, რომელშიც ლექსო უცხოეთში დარჩენის მიზეზზე საუბრობს და იმასაც წერს, თუ რა მძიმე იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება.

 

 

მოკლე ამონარიდი წერილიდან:

 

„დედა, შენს დაბადების დღეზე, 6 დეკემბერს, მე რახმანინოვის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს ნიუ-იორკის „ლინკოლნ-ცენტრში", „ევერი-ფიშერის" დარბაზში დავუკრავ.

 

ეს ყველაზე დიდი დარბაზია ნიუ-იორკში, „კარნეგი-ჰოლზეც" კი. შენი ადგილი ყოველთვის თავისუფალი იქნება. ვიდრე დავუკრავ, ის ყოველთვის შენ დაგელოდება, დედა! კონცერტიდან შემოსულ ანაზღაურებას, შენს სახელზე, მთლიანად შევწირავ ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს.

 

მთავარია, მაგრად იდგე, ამ განსაკუთრებით მძიმე საათებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მე გამოვიწვიე, გახსოვდეს, ახლა ჩემთვის გაცილებით ძნელია, ვიდრე თქვენთვის, რადგან მე აქ სრულიად მარტო ვარ!

 

გთხოვ, გაძლოთ 2-3 თვე და შემდეგ ვეცდები, რაღაცით გაგახაროთ. თქვენ ხომ იცით მოთმინება?! მამა, მოიკრიბე მთელი ენერგია და წერე მუსიკა, რადგან მუსიკამ, ჩვენ ორივე უნდა გადაგვარჩინოს.

 

 ვიცი, რომ უჩვეულოდ გავართულე თქვენი და ჩემი ცხოვრება, მაგრამ ამ სიძნელეებმა და განცდებმა უნდა გამოგვაფხიზლოს... თქვენ ახლა უჩემოდ ხართ, მე კი - უთქვენოდ, ამან უნდა გაგვაკაჟოს და გაამძაფროს ჩვენი დამოკიდებულება იმათ მიმართ, ვინც ამ საბედისწერო ნაბიჯისკენ მიბიძგეს.

 

იყავით მაგრად და შემიმსუბუქეთ განცდები, ნუ შეგეშინდებათ, ძალა ჩვენს ერთობაშია! არავისი არაფერი გვმართებს, მხოლოდ - ერთმანეთის!

 

არ მსურს მყიდდნენ, მამცირებდნენ და სულიერად მანადგურებდნენ სამინისტროებსა და გოსკონცერტში, მე ხომ ჯერ ბოლომდე არ ამიხდენია თქვნი ოცნებები, არც - ჩემი!“- წერდა თორაძე.

 

ლიანა ასათიანი იყო პირველი დედა, რომელსაც „კაგებემ“ ნება დართო, საზღვარგარეთ წასული შვილი მოენახულებინა. ეს გადაწყდა უმაღლეს დონეზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯორჯ შულცის ჩარევით. „1988 წელს ჩავედი ამერიკაში და ვნახე ხუთი წლის უნახავი შვილი“, - იხსენებდა მსახიობი.

 

ლექსო თორაძე იყო ქალაქ საუტ-ბენდეს (ინდიანას შტატი)1991-2017 წლებში უნივერსიტეტის პროფესორი. ამავე ქალაქში დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელიც მსოფლიოში აღიარებული მუსიკალურ-აღმზრდელობითი სასწავლებელია. ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, მსოფლიოს ცნობილ სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად.

 

1991 წელს ლექსო თორაძე, ქ. საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობით ცენტრმა;

 

ჰყავს ორი ვაჟი - ალექსანდრე და დავითი, ორივე მუსიკოსია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი