logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიცია განზე გადგა და არ დაუჭირა მხარი ინიციატივას
- +

20 მარტი. 2024. 10:48

 

 

„ძალიან კარგი იქნებოდა, საქართველოს კიდევ ერთხელ გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა, რასაც ჰქვია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში რეზოლუციის მიღება. ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი რაოდენობის მხარდამჭერების შეგროვდებოდნენ", - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ წარმოდგენილი ჰყავს მხოლოდ 4 დეპუტატი, მოლდოვას 3 დეპუტატი და რეზოლუციის ტექსტის ინიცირებას სჭირდებოდა დამატებითი ხელმოწერები, რათა მომხდარიყო შემდგომ ეტაპზე რეზოლუციის ტექსტის განხილვა.

 

„არაერთი შეთავაზება გავუკეთეთ დელეგაციის წევრებს ოპოზიციიდან და სამწუხაროდ, მათი მხრიდან ინტერესი არ გამოიხატა, რომ ხელი მოეწერათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის ტექსტზე და ამის გამო რეზოლუციის ტექსტის განხილვა შემდგომ ეტაპზე ვერ მოხდება.

 

პირველ ეტაპზე საჭირო იყო 2 დელეგაციის მინიმუმ 10 წევრის ხელმოწერა იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტს შემდგომი გაგრძელება ჰქონოდა. ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსა და მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, რაოდენობრივად საკმარისი არაა, რადგან ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ 4 დეპუტატია, ოპოზიციამ კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. მოლდოვას აქ ჰყავს 3 დეპუტატი და სამივე უჭერდა მხარს. საჭირო იყო ან უკრაინის დელეგაციიდან ან ქართული ოპოზიციის წევრების მხარდაჭერა. რეზოლუციის პროექტი ჩვენი ინიციატივა იყო და ეხებოდა სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, მხარდაჭერას. ეწერა, რომ ევრონესტი მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ევროკავშირში წევრობას, დაუყოვნებლივ მოლაპარაკებების გახსნას სამივე ქვეყანასთან. რეზოლუციის ტექსტში დაგმობილი იყო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, დაგმობილი იყო რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს იქნებოდა კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილი სამი ქვეყნის მიმართ.

 

უკრაინის დელეგაციის წევრებმა გვითხრეს, რომ მხარს უჭერდნენ წარმოდგენილ პროექტს, თუმცა მათი წარდგენილ პროექტს ხელი არ მოაწერეს. უკრაინელები მხარს უჭერდნენ იდეას და მის სამომავლოდ განხილვას, თუმცა, არ მოხდა მათი მხრიდან რეზოლუციის პროექტის სპონსორობა, რათა რეზოლუციაზე მუშაობა და განხილვა გაგრძელებულიყო. ევროპარლამენტის წარმომადგენლებს სურდათ ამ პროექტზე მსჯელობა, იყო ინტერესი, თუმცა, არ მოხდა საწყის ეტაპზე ინიციატივის მხარდაჭერა ოპოზიციონერი წევრების და უკრაინის დელეგაციის მხრიდან და მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა არაერთხელ შესთავაზეს ოპოზიციას, რათა მათაც მოეწერათ ხელი რეზოლუციის პროექტისთვის, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას შეეხებოდა. მათ არ გამოხატეს ინტერესი თანასპონსორობა გაეწიათ რეზოლუციის ტექსტისთვის. მათ უნდა ჰკითხოთ, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი ამ ინიციატივას ევროპულ პერსპექტივაზე და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. ეს ერთ-ერთი ბოლო შეხვედრაა, რადგან ევროპარლამენტში ივნისში არჩევნებია. შესაძლებელი იყო კიდევ ერთხელ ჩვენი ინტერესები გვეჩვენებინა. ჩემთვის ეს არის უბრალოდ დემონსტრაცია, რომ საქართველოს პარლამენტში მყოფ ოპოზიციას არ აქვს რეალური ინტერესი, საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს ჰქონდეს მხარდაჭერა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ჰქონდეს მხარდაჭერა. მათ ერთადერთი ინტერესი აქვთ - როდესაც შესაძლებლობა მიეცემათ რაიმე ფორმატი ან პლატფორმა გამოყენებული იყოს საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, მაშინ მომართულები და მზად არიან ეს გააკეთონ. როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების დაცვას, საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის ბრძოლას, მაშინ ფაქტი აჩვენებს, რომ ისინი განზე გადგნენ და არ დაუჭირეს მხარი ინიციატივას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

ქართველი ოპოზიციონერებისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციას ევრონესტზე ვერ მიიღებენ.

 

 

 

big_banner
არქივი