logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი: დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების გაწეული სამუშაოს აღიარება იყო
- +

20 მარტი. 2024. 17:12

 

 

„გასული წლის დეკემბრის გადაწყვეტილება მკაფიო აღიარებაა საქართველოს მისწრაფების შეუერთდეს ევროკავშირს, რაც ქართველი ხალხის სურვილია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იყო ასევე საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის და გაწეული სამუშაოს აღიარება, იმ რეფორმების აღიარება, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გატარდა.

 

„მინდა გამოსვლა დავიწყო ევროკავშირისთვის მადლობის გადახდით იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, რომელიც დეკემბერში ლიდერებმა მიიღეს. ეს ევროპის მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო. როდესაც ვახსენებ ევროპას, ვგულისხმობ ევროკავშირთან ერთად საქართველოს, რადგან თანაბრად ისტორიული მომენტი იყო საქართველოსთვისაც და ევროკავშირისთვისაც, რომ დაგვეწყო ახალი ფურცლის წერა საერთო ისტორიის, სადაც საქართველო ევროპის ნაწილია. ამ მიზნის მიღწევა და მომენტამდე მისვლა არ იყო ჩვენთვის მარტივი. გვაქვს ტრადიციული გეოგრაფიული გამოწვევები. საქართველო ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე წლებია საუბრობს და ამასთან ერთად უამრავ შიდა და საგარეო გამოწვევების წინაშე ვიყავით ბოლო წელიწადნახევარი, მას შემდეგ რაც ევროკავშირში სამომავლო გასაწევრიანებლად განაცხადი გავაგზავნეთ. გასული წლის დეკემბრის გადაწყვეტილება მკაფიო აღიარებაა საქართველოს მისწრაფების შეუერთდეს ევროკავშირს, რაც ქართველი ხალხის სურვილია. მოსახლეობის 85 პროცენტს სურს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. დეკემბრის გადაწყვეტილება მყარი საფუძველია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო ასევე საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის და გაწეული სამუშაოს აღიარება, იმ რეფორმების აღიარება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გავატარეთ.

 

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უნდა ვახსენოთ, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირის გაფართოებისადმი ახალ მიდგომებზე და იმ შესაძლებლობებზე, რაც გაჩნდა უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის. ასევე მინდა განვაცხადო, რომ ეს ახალი არ არის ჩვენი რეგიონისთვის. ეს არ არის ახალი რეალობა, რადგან საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია განხორციელდა წლების წინ და დღემდე ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ეს კი უკიდურესად მძიმე უსაფრთხოების გამოწვევებს ქმნის საქართველოსთვის. გამოწვევების მიუხედავად ჩვენ გავატარეთ რეფორმები და შევქმენით საფუძველი რეალური დისკუსიისთვის, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება. ჩვენი მიზანია ახლა გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ და განისაზღვროს რეალური ვადები, რა დრო დასჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკურად. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი პატარა რეგიონისთვის და ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიას. ახალი რეალობაა ჩვენი მეზობლებისთვისაც და უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი