logo_geo
დავით მათიკაშვილი: შსს-ს თითოეული თანამშრომლის საქმიანობა სავსეა პატივით და პოზიტივით
- +

20 მარტი. 2024. 20:19

"მას შემდეგ, რაც 2012 წელი დადგა და დამარცხდა სადისტური რეჟიმი, ხოლო რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა შეიცვალა დაცვასა და პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკით. მათ არავინ სთხოვს „ორ გვამს“ მაღალი პრემიების სანაცვლოდ. შსს არავის ავალებს გააჩერონ მანქანა, გადმოიყვანონ მაღალჩინოსანი, თანამდებობის პირი, გააპანღურონ, გადაიღონ კადრები და ის გაუგზავნონ  მაშინდელ მინისტრს ვანო მერაბიშვილს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლის შემდეგ.

მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის საქმიანობა პასუხისმგებლობით სავსეა.

როგორც დავით მათიკაშვილმა განაცხადა, დღეს პოლიციელების მხრიდან  მოქალაქეების მიმართ მოპყრობა ძირითადად სამართლიანია და იმ ძალის წარმომადგენლებისგან, რომელმაც სადისტური რეჟიმი შექმნეს, პოლიციელის მხრიდან რაღაც უხეშობაზე საუბარი პარადოქსია.

"მიჩქმალვის და „ორი გვამის“ პოლიტიკა კი არ არის, არამედ კონკრეტულ ფაქტზე კონკრეტული რეაგირების პოლიტიკაა და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა და ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამჟამინდელ საქმიანობას.

"დღეს ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ლაკმუსის ქაღალდივით დაინახა ის, თუ რას ნიშნავს, რას გულისხმობს ქვეყნის პოლიტიკა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს და რომელიც არის დაცვასა და პრევენციაზე ორიენტირებული, როცა შს მინისტრი ასრულებს თავის დანაპირებს და ყველაფერს ღიად, საჯაროდ და გამჭვირვალედ აცნობს საზოგადოებას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

big_banner
არქივი