logo_geo
კახა კახიშვილი: შსს ძალიან დიდი კოლექტივია, რომლის საქმიანობასაც ვაფასებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გვიჭირს და შველას ვითხოვთ
- +

21 მარტი. 2024. 10:05

 

 

„ბატონო ვახტანგ, მინდა, მადლობა გადავუხადო თქვენ გუნდს, თითოეულ თანამშრომელს და სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომელიც უწყებას ჰყავს თქვენი სახით“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

 

კახა კახიშვილის თქმით, პოლიტიკური ოპონენტები მინისტრის ანგარიშის გაცნობის შემდეგ მიგრაციასა და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ და დღეს აღარ იხსენებენ იმ სისტემურ დანაშაულებს, რომლებიც წლების წინ პოლიციელების უშუალო ბრძანებით ხდებოდა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან დიდი კოლექტივია, რომლის საქმიანობაც გვახსენდება და ვაფასებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გვიჭირს და შველას ვითხოვთ. როდესაც არ გვიჭირს ან არ ვლაპარაკობთ ან ვაკრიტიკებთ. დღეს ჩვენ მოვუსმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც უწყების საქმიანობის ანგარიშით წარსდგა და რაზე ვსაუბრობდით? მიგრაციაზე, ფასებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე, მაგრამ არ ვსაუბრობდით სისტემურ დანაშაულებზე,  როგორიც არის -  პირდაპირი ბრძანებით, პოლიციის მხრიდან მკვლელობა,  ქონების წართმევა,  ბიზნესის რეკეტი.  ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობდით, რატომ? იმიტომ, რომ შეიცვალა დრო. რამდენჯერაც შინაგან საქმეთა მინისტრია პარლამენტში მოსული ამდენჯერ ზოგიერთ დეპუტატს არ უვლია სხდომათა დარბაზში და ეს მოიტანა დემოკრატიამ!

 

დარბაზში დაისვა კითხვა - რატომ არ იყიდეთ უფრო ადრე ვერტმფრენიო. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, შოვის ტრაგედიამდე შსს-ს ხუთი ვერტმფრენის შეკვეთა რომ მიეცა, ატყდებოდა ამბავი და იტყოდნენ: რაში იფლანგება ხალხის ფული, რატომ ყიდულობს სამინისტრო ვერტმფრენს და რად უნდათ მაღალი გამავლობის მანქანები? შეიძლება გამოსვლები დაეწყოთ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. ახლა კი საუბრობენ, თუ რატომ არ გვყავს. არ გვყავს იმიტომ, რომ ჩვენ ერთი მხრივ, ვიძახით, რომ არაფერი არ იყიდო და მეორე მხრივ, ვიძახით, რატომ არა ვართ ყველაფრის მაკონტროლებლები. დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არ უნდა გააჩერონ, არ უნდა შეამოწმონ, მაგრამ ამავდროულად ვსაუბრობთ, თუ რატომ ხდება დანაშაულები. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ნარკოტიკი ცუდია და კლავს, მოძებნილი და დაკავებულები უნდა იყვნენ მისი რეალიზატორები, მაგრამ როგორ? თუ არ გააჩერე, არ შეამოწმე, აბა როგორ უნდა დააკავო? აქ საუბარი იყო ასევე, რომ პოლიციამ დანაშაული უნდა აღკვეთოს და ნამდვილად, პოლიციამ პრევენციულად უნდა აღკვეთოს და გახსნას ჩადენილი დანაშაული, მაგრამ მხოლოდ პოლიცია ვერაფერს გააკეთებს თუ ჩვენს ადამიანურ შეგრძნებებს არ დავიბრუნებთ ისე, როგორც იყო ჩვენ ადათ-წესით გადმოცემული. თუ ოჯახმა პატივისცემა არ ასწავლა მეზობლის, მოქალაქის, ახლობლის - ამას პოლიცია ვერ ასწავლის“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი