logo_geo
ირაკლი ბერაია: შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა როგორ მუშაობენ ერთი და იგივე ავანტიურისტები, ადამიანების უბედურებითა და ტრაგედიით მოსაზრდოვე სუბიექტები, საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ
- +

22 სექტემბერი. 2023. 21:16

 

 

„შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ერთი სამწუხარო რამ, როგორ მუშაობენ ერთი და იგივე ავანტიურისტები,  ადამიანების უბედურებითა და ტრაგედიით მოსაზრდოვე სუბიექტები საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ. მაშინ როდესაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა დაკარგული ადამიანების ძებნის სამუშაოები, როდესაც მთელი ქვეყანა გლოვობდა დაღუპულებს, ღებულობდა სამძიმრის წერილებს, როდესაც დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები განიცდიდნენ ენით აუწერელ ტკივილს, ამ დროს ეს სამარცხვინო რადიკალები, პოლიტიზირებული მედია და მათნაირი, არანაკლებ სამარცხვინო და პოლიტიზირებული ე.წ.ექსპერტები მიზანმიმართულად ახორციელებდნენ ფართომასშტაბიან დეზინფორმაციულ კამპანიას“, -  განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით  ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის,  ვახტანგ გომელაურის მოსმენის დროს.

 

როგორც მან აღნიშნა,  ამ ყველაფრის მიზანი იყო ტრაგედიით გამოწვეული ემოციური ფონის კიდევ უფრო დამძიმება და ფსიქოლოგიური  სტრესის გაზრდა, მორეაგირე ძალების დისკრედიტაციით საძიებო სამუშაოების ხელშეშლის მცდელობა, საზოგადოების ფრაგმენტაცია და ამ ყველაფრის ხელისუფლების წინააღმდეგ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოყენება.

 

მისი თქმით, შოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ და დღევანდელმა ინტერპელაციამ კიდევ ერთხელ გამოკვეთილად დაანახა ყველას: თუ როგორი პროფესიონალიზმით და სიმამაცით მოქმედებდნენ მაშველები და სამხედროები, როგორ გამართულად და ეფექტიანად იმუშავა საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემამ და რაოდენ დიდი ძალისხმევაა გაწეული სტიქიის ზონაში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად და დაკარგული პირების საპოვნელად. 

 

„კომპეტენტურმა უწყებამ გამოაქვეყნა წინასწარი დასკვნა და თქვა, რომ სამწუხაროდ, მისი სისწრაფით და მასშტაბებით, ეს იყო ადამიანების, ექსპერტების, კომპეტენტური სპეციალისტების შეფასების და პროგნოზირების შესაძლებლობების მიღმა განვითარებული მოვლენები, რამაც მოიტანა ეს უმძიმესი შედეგები.

 

რაც შეეხება რეაგირებას,  რეაგირება იყო სრულმასშტაბიანი. კატასტროფის დადგომისთანავე მოქმედებაში იქნა მოყვანილი შესაბამისი რეაგირების გეგმები. ურთულეს პირობებში, სიცოცხლისთვის რისკის შემცველ პირობებში, მუშაობდნენ მაშველები და სამხედროები. ავიაციის, ღამის ხედვის, თუ სითბური ფუნქციის დრონების გამოყენებით მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები. სწორედ, ავიაციის მეშვეობით მოხერხდა სტიქიის ზონიდან ორი დღის განმავლობაში 140 ადამიანის გამოყვანა. ყველა ადამიანი, ვისი გადარჩენის მცირეოდენი შანსიც კი არსებობდა, გადარჩენილია. ადგილზე მუშაობდნენ კინოლოგები, მედიკოსები.  რეაგირებაში ჩართული იყო 1000 მორეაგირე, საჭირო რაოდენობის და მახასიათებლების სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და საშუალებები“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

big_banner
არქივი