logo_geo
ნიკოლაე-იონელ ჩუკა: რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომელიც ევროკავშირისკენ არის მიმართული
- +

25 სექტემბერი. 2023. 12:33

 

 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენთან იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ბ-ნო შალვა, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ ვთქვა - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუმინეთში“, - განაცხადა რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.

 

მისი თქმით, დღევანდელი ვიზიტი ასახავს კარგ პოლიტიკურ ურთიერთობას რუმინეთსა და საქართველოს შორის, მათ შორის ორი ქვეყნის პარლამენტებს შორისაც.

 

„როგორც ცნობილია, რუმინეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი და ღია მხარდამჭერი საქართველოს ევროპული დღის წესრიგის, რომელსაც ახორციელებს საქართველო. ჩემი ქვეყანა იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 2014 წლის 3 ივლისს რატიფიკაცია მოახდინა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების. რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომელიც ევროკავშირისკენ არის მიმართული. ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი წავახალისოთ, რადგან ეს საქართველოსა და მისი ხალხისთვის განვითარების შესაძლებლობებს ნიშნავს. ჩვენ ვართ მზად და ღია გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო დიალოგი, მათ შორის საპარლამენტო კომიტეტებს შორისაც, სადაც შეგვიძლია, განვიხილოთ საქართველოს ევროპული დღის წესრიგი. მივესალმები ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დელეგაციის დონეზე თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას. ეს არის მომენტი, რომელიც ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ადასტურებს ჩვენს ორმხრივ ინტერესებს საქართველოსა და რუმინეთს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ევროპული დღის წესრიგი არის ჩვენი დისკუსიების მთავარი ფოკუსი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი თემა, რომელზეც დისკუსიების გაღრმავება გვინდა ორმხრივ ურთიერთობებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუმინეთმა და საქართველომ ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანეს და ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ ამ პარტნიორობის შემდეგი განვითარებისთვის. მხედველობაში მაქვს შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა, ასევე მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები.

 

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მოვაქციოთ პროექტებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით, ეს ეხება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის პროექტებს. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი ამ თანამშრომლობის მხოლოდ ორი მაგალითია. ვაფასებ ღია და გულწრფელ დიალოგს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბ-ნ შალვას ამ ვიზიტისთვის, რომელიც ჩემი აზრით, კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი