იმ ადამიანებში, რომლებსაც დღე-ღამეში 6 საათზე ნაკლები სძინავთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი მაღალია იმათთან შედარებით, ვისაც 7-8 სძინავს. როგორც EurekAlert-ი წერს, ასეთ დასკვნამდე ესპანელი და ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ.
კვლევაში 3 973 ესპანელი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის განმავლობაში ისინი ატარებდნენ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც მათი ძილისა და სიფხიზლის ხანგრძლივობას ითვლის.
მოხალისეები 4 ჯგუფად დაყვეს. გარდა ამისა, მათ დაავადებების გამოსავლენად კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდათ.
როგორც გაირკვა, იმ ადამიანებში, რომლებსაც 6 საათზე ნაკლები ეძინათ, ათეროსკლეროზის განვითარების შანსი 27%-ით მაღალი იყო იმათთან შედარებით, რომლებსაც 7-8 საათი ეძინათ.
გარდა ამისა, ღამით შფოთვა და ხშირი გაღვიძება სისხლძარღვების დაავადებების რისკს 34%-ით ზრდის. თუმცა სპეციალისტების თქმით, 8 საათზე მეტ ხანს ძილი ასევე ხელს უწყობს ათეროსკლეროზს.
არსებობს მოსაზრება, რომ ძილისთვის აუცილებელი დრო 8 საათია. სპეციალისტების უმრავლესობის აზრითაც, ზრდასრული ადამიანისთვის ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა 7-8 საათია. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული: ვიღაცისთვის 6 საათიც საკმარისია, სხვას კი 9 საათიც არ ჰყოფნის.