„ფეხი მოჭრეს, გუშინ, 21 წლის გოგოს, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში. ბარძაყში იკეთებდა, თურმე, ნარკოტიკს. არ იყო ეს ნარკოტიკი სასიკვდილო“, - ამის შესახებ „ალიას“ ჟურნალისტი თამო კეშელავა წერს.
„კიდევ რამდენიმე დღე თუ არ მივიდოდა ექიმთან - მოკვდებოდა - მაგრამ, არა ნარკოტიკით - განგრენით.
მეგობრებს ურეკავდა გამწარებული - ხომ მეუბნებოდით, რომ ბარძაყზე გაკეთება უსაფრთხოა, რატომ დამღუპეთ, ფეხს მაჭრიან, მოდითო.
ამ გოგოს უთხარით, მიდით, რომ ყველა ნარკოტიკი არ არის საშიში, რომ მხოლოდ ის უნდა გაიკეთოს - რომელიც არ კლავს.
ამ გოგოს აუხსენით, რომ ბერლინის კლუბშიც იკეთებენ ნარკოტიკს და ბერლინშიც აჭრიან ფეხს ან ხელს ახალგაზრდებს - იქნება და უკეთ იგრძნოს თავი.
P.S. კლუბში ვინც პოლიტიკაზე, ჰაერის დაბინძურებაზე, ხეების მოჭრაზე და სხვა პროგრესულ საკითხებზე სასაუბროდ დადიხართ პროგრესულად, ერთი კითხვა მაქვს: კლუბის მუსიკას ხელს ხომ არ უშლით? ხომ არ გადაფარეთ ელექტრონული მუსიკა?“, - წერს კეშელავა.