logo_geo
ბუდუ ზივზივაძე: იმედი გვაქვს, მიზანს მივაღწევთ და ამბიციებს ავისრულებთ
- +

7 აპრილი. 2024. 21:43

"ემოციებით დატვირთული ვიყავი და ყველა სახლში დავპატიჟე, რადგან ზუსტად ვიცი რას ნიშნავს გულშემატკივრებისთვის გერმანიაში ყოფნა. ხალხი ძალიან ელოდება თამაშებს და ჩვენც ველოდებით გულშემატკივრებს",  - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც მან განაცხადა, არ ნანობს შეთავაზებას, რომლის თანახმად, მან გულშემატკივრები სახლში დაპატიჟა.

 

არა, შეთავაზებას არ ვნანობ. ემოციურად ვიყავი, მართლა გულით ვთქვი და ვამბობ - ვინც ვერ შეძლებს (გერმანიაში სასტუმროს დაჯავშნას) შეუძლიათ ჩემთან დარჩნენ. ერთი ოთახია მხოლოდ ხელშეუხებელი, სადაც ჩემი მეუღლე და შვილი იქნებიან, დანარჩენი თავისუფალია. ვინც დაეტევა, ყველას შეუძლია დარჩეს. სხვათა შორის ბევრი ნათესავიც მყავს და მათაც უნდათ. „შტეფცელები“ სახლში გვაქვს და ტელეფონები დატენილი ექნებათ. ერთი მომენტია ის, რომ მე არ ვიქნები, რადგან მე გუნდთან ერთად ვიქნები ჩემპიონატზე. კალსრუე შორსაა იმ ქალაქებიდან, სადაც თამაშებია, მაგრამ მანქანით ან მატარებლით შეძლებენ ჩასვლას. ზუსტად რამდენი ადამიანი დაეტევა არ ვიცი. ფეხზე დადგომით ბევრი დაეტევა.

 

მე შევთავაზე ეს გულშემატკივრებს, რადგან გერმანიაში მარტო მე ვარ. დარწმუნებული ვარ, აქ რომ თამაშობდნენ სხვები, ისინიც სახლში დაპატიჟებდნენ გულშემატკივრებს. იმიტომ შევთავაზე ასეთი რამ, რომ უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, თამაშებზე ხალხი იყოს. მათთვისაც ისტორიულია, რადგან აქამდე სხვა ქვეყნებს ქომაგობდნენ და ახლა პირველად უქომაგებენ საყვარელ გუნდს. ბილეთებიც ძვირია, სასტუმროებიც გადაჭედილი იქნება და ამიტომ დავპატიჟე ფანები ჩემთან. სამ გუნდს, რომელიც ჯგუფში გვყავს, აუცილებლად ეყოლება ყველას გულშემატკივარი ადგილზე და ჩვენც გვინდა, რაც შეიძლება მეტი ქართველი იყოს გერმანიაში ჩემპიონატზე. ერთად ყოფნით და ერთად ბრძოლით შევძლებთ ყველაფრის გაკეთებას. ზღაპრის ბოლო მართლაც კეთილია და ჩვენ ეს ყველას დავანახეთ 2 თამაშით. ახლა უკვე სხვა ამბიციები გვაქვს. იმედი გვაქვს მიზანს მივაღწევთ და ამბიციებს ავისრულებთ“, - განაცხადა ზივზივაძემ.

 

 

big_banner
არქივი