logo_geo
9 აგვისტოს, „Black Sea Arena“-ზე ირმა ნიორაძის გალაკონცერტი გაიმართება
- +

6 აგვისტო. 2017. 21:57


9 აგვისტოს, „Black Sea Arena" „Check in Georgia"-ს ფარგლებში წარმოგიდგენთ ირმა ნიორაძისა და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების ერთობლივ გალაკონცერტს. ღონისძიება ბალეტის ლეგენდას, ვახტანგ ჭაბუკიანს ეძღვნება. გალაკონცერტის დამდგმელი რეჟისორია ანდრის ლიეპა, სამხატვრო ხელმძღვანელი - ირმა ნიორაძე.


ეს იქნება პირველი საბალეტო წარმოდგენა, რომელიც „ბლექ სი არენას" სცენას დაიკავებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ნომრები, როგორც კლასიკური, ასევე მოდერნბალეტიდან.


პროექტი ორი წელია, საფრანგეთში, კერძოდ, კანში იმართება ირმა ნიორაძისა და „ასკანელი არტის" ორგანიზებით. გასულ წელს საუკეთესო მოცეკვავეები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია, ისინი დაჯილდოვდნენ, წელს კი მათი გალაკონცერტი გაიმართა.


საქართველოში ამ პროექტის ანალოგის გამართვა იგეგმება. ეს ღონისძიება განსაკუთრებული იქნება იმით, რომ უნიკალური საბალეტო შოუს დასასრულს, მაყურებლის წინაშე თავად ირმა ნიორაძე წარდგება. ცნობილი ქართველი მოცეკვავე სიუპრიზს ამზადებს, კულმინაციურ მომენტს ქართულ მოტივებზე...


კონცერტში ირმა ნიორაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი მოცეკვავეები იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, რუსეთიდან: ეკატერინე ბორნენკო, ივან ზაიცევი, ადიმხან ბახტიარი, მადინა ბასბაევა, სერხიო ბერნალი, ილზე ლიეპა, ალონა კოვალევა, იაკოპო ტისი, ეკატერინა პერვუშინა, მიხაილ ლობუხინი, მარინა იაკოვლევა, იაკობ ფეიფერლიკ, იონა აკოსტა, ლაურეტა სამერსკეილ, სპეციალური მოწვევით ქართული ნაციონალური ბალეტი - „სუხიშვილები".


ირმა ნიორაძე - მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი პრიმაბალერინა. დაიბადა თბილისში, 1969 წლის 15 ივნისს.  1987 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ სცენაზე შესრულებული აქვს მთავარი როლები ბალეტებში: „ჟიზელი", „სერენადა", „დემონი", „გედების ტბა", „დონ კიხოტი", „ლეგენდა სიყვარულზე", „კორსარი", „მძინარე მზეთუნახავი", „შეჰერაზადა", „კარმენ სუიტა" და სხვა.


არის „ღირსების ორდენის" (1996 წ.), საქართველოს სახელმწიფო პრემიის (1997 წ.), რუსეთის ქალთა პრემია „ოლიმპიას" (2002), ყოველწლიური პრემია „პოზიტანოს" (2003 წ.) მფლობელი, გახლავთ აშშ-ის მსოფლიო საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ლაურეატი (1990 წ.), რუსეთის დამსახურებული არტისტი (2002 წ.), რუსეთის სახალხო არტისტი (2011 წ.), მონტეკარლოს დასის პროფესორ-პედაგოგი, კანის აკადემიის პროფესორ-პედაგოგი.


ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე tkt.ge ბილეთების ფასები 10-დან 120 ლარამდეა.










big_banner
არქივი