26-31 აგვისტოს, ბათუმში და თბილისში, IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები" გაიმართება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტები 26, 28, 29 აგვისტოს ბათუმში გაიმართება, ხოლო 31 აგვისტოს დასკვნითი გალა-კონცერტი თბილისში.
„ღამის სერენადების" სტუმრები იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები - ცნობილი გერმანელი პიანისტი და დირიჟორი იუსტუს ფრანცი, საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული გურფინკელების ოჯახი: კლარნეტისტები დანიელი და ალექსი, ასევე მათი მამა მიხაელ გურფინკელი; უცხოელ სტუმრებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობს ქართველი დირიჟორი დავით მუქერია.
წლევანდელ ფესტივალზე, ლიანა ისაკაძე მსმენელის წინაშე სოლისტისა და დირიჟორის რანგში წარდგება. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია ,,Global Art"; ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბათუმის მერია და თბილისის მერია.
ფესტივალთან დაკავშირებით ხვალ კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება.