logo_geo
30 იანვარს, პროექტ - „კულტურის ინდიკატორები განვითარებისათვის“ პირველი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართება
- +

29 იანვარი. 2017. 18:55


 


ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მიმდინარეობს პროექტი -  „კულტურის ინდიკატორები განვითარებისათვის" (CDIS), რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური და მდგრადი განვითარების საქმეში კულტურის როლის წარმოჩენას. 


30 იანვარს, 10:00 საათზე კულტურის სამინისტროში გაიმართება პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის, პირველი ეტაპის პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საერთაშორისო ექსპერტები - ნაიმა ბურგე (საფრანგეთი) და საიმონ ელისი (კანადა), ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილავენ პროგრამის პირველი ეტაპის შედეგებს და ისაუბრებენ სამომავლო მიზნებსა და ამოცანებზე.


იუნესკოს მიერ შემუშავებული კულტურის ინდიკატორების კვლევის  მეთოდოლოგია იკვლევს კულტურის როლს ქვეყნის პოლიტიკის ისეთ 7 საკვანძო განზომილებაში, როგორიცაა: ეკონომიკა, განათლება, მმართველობა, სოციალური ჩართულობა, გენდერული თანასწორობა, კომუნიკაცია და მემკვიდრეობა. ინდიკატორების შემუშავების მეთოდოლოგია საერთაშორისოდაა აღიარებული ევროკავშირისა და იუნესკოს მიერ.


აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ინიციატივით, კულტურის ინდიკატორების კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვა დაიწყო როგორც საქართველოში, ასევე, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და  ბელორუსსში. ამ პროცესში უკვე ჩართულია მოლდოვა.


პროგრამამ, მთელი პროცესის წასამართად: დაგეგმვის, ცოდნის გაზიარების და ხარისხის უზრუნველყოფისთვის - ორი ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი მოიწვია (რაგნარ სილი - კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის ექსპერტი და საიმონ ელისი - ინდიკატორები კულტურის განვითარებისთვის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველი). აგრეთვე, მონაწილე ქვეყნებში შეირჩა ეროვნული პარტნიორები, რათა მათ უზრუნველყონ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი დადგენილი მეთოდების მიხედვით, საერთაშორისო ექსპერტების მკაცრი ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის ქვეშ.


კულტურის ინდიკატორები განვითარებისთვის CDIS-ის 22 ინდიკატორი შეიცავს, როგორც რიცხობრივ მონაცემებს, როგორიცაა, მაგალითად, კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაში ჩართული ადამიანების რაოდენობა, ასევე - ნორმატიულ ნუსხებს, რომელიც ასახავს შესაბამისი პოლიტიკისა თუ საერთაშორისო შეთანხმებების არსებობას კულტურისა თუ გამოხატვის თავისუფლების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.


ინდიკატორები კულტურის განვითარებისთვის  პროგრამა შეიმუშავებს კულტურის და განვითარების ზუსტ, ფართო დიაპაზონის ინდიკატორებს, რომელთა მეთოდოლოგია და შედეგები საერთაშორისოდ არის აღიარებული როგორც ევროკავშირის, ასევე იუნესკოს მიერ.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და სხვა უწყებებთან თანამშრომლობით საქართველოში კვლევას ეროვნულ დონეზე ახორციელებდა ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდის „კავკასია"  (SCF) წარმომადგენლობა.


2016 წლის 24 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პროგრამის პრეზენტაცია და პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი); საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, კულტურის საქალაქო სამსახური; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში; საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია; საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; არტარეა; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო).


აღნიშნული შეხვედრის შედეგად სამუშაო ჯგუფისთვის განისაზღვრა მოწვეული უწყებებიდან შესაბამისი საკონტაქტო პირები, რომელთაც დაეგზავნათ სფეროს შესაბამისი კითხვარები იუნესკოს „ინდიკატორები კულტურის განვითარებისთვის (CDIS)" კვლევისთვის საჭირო მონაცემების მოსაგროვებლად.


უწყებებიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდის „კავკასია"  (SCF) წარმომადგენლობამ მოამზადა ანგარიში, რომლის პირველადი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება 2017 წლის 30 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. დაინტერესებული მხარეების მხრიდან შეხვედრაზე მიღებული კომენტარებისა და შეფასებების გათვალისწინების შედეგად მოხდება საბოლოო ანგარიშის ჩამოყალიბება. შედეგები ფორმალური დადასტურებისთვის განსახილველად წარედგინება იუნესკოს, რის შემდეგაც ისინი ჩასმული იქნება იუნესკოს მონაცემთა ბაზაში, იმ სხვა ქვეყნების მონაცემთა გვერდით, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული ამ პროგრამაში.






 

big_banner
არქივი