საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელის აეროპორტში მყოფი ქართული ცეკვების საბავშვო ანსამბლის "გორდას" ხუთი მოზარდი და მათთან ერთად ორი მშობელი საქართველოში დღეს დაბრუნდება.
სამინისტროს განცხადებით, ისინი 21:30 საათზე გამოფრინდებიან საქართველოში. რაც შეეხება დანარჩენ 9 ადამიანს, ისინი საქართველოში 17 აპრილს გამოემგზავრებიან.
სამინისტროს ცნობით, ამჟამად ისინი აეროპორტის ტერიტორიაზე საემიგრაციო სამსახურის დროებითი განთავსების დაწესებულებაში არიან.
ანსამბლი „გორდა“ ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად და იქ მიმდინარე ერთ-ერთ ფესტივალში მონაწილეობისთვის მიემგზავრებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, 14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულოში ინფორმაცია შევიდა, საზღვარზე შემოწმების მიზნით, ანსამბლის 17-კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ. მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი საბავშვო ფესტივალში მონაწილეობისთვის მიდოდა, თუმცა 17 წევრიდან ბავშვი მხოლოდ 5 იყო. შესაბამისად, საგარეო უწყების ცნობით, მათ უარი ეთქვათ საზღვრის კვეთაზე.