Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.
მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.
ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.
თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება საუბრის თარგმნა რეალურ დროში.
Pixel Buds-ის შესაძლებლობებს დემონსტრირების დროს, Google-ის თანამშრომლებმა გამართეს დიალოგი ორ ენაზე - ერთ-ერთი საუბრობდა ინგლისურად, მეორე კი - შვედურად.
ამისთვის მომხმარებელმა შესაბამისი ფუნქცია უნდა გააქტიუროს, რისთვისაც საკმარისია ხმოვანი ბრძანება „ვისაუბროთ შვედურად“.
მოწყობილობას შეუძლია არა მხოლოდ კონკრეტული წინადადების, არამედ მთლიანი საუბრის თარგმნა პარალელურ რეჟიმში, რეალურ დროში - Google Translate-ის მეშვეობით.
საუბრის დროს, როდესაც, ყურსასმენის მფლობელი ლაპარაკობს ინგლისურად, ხოლო მეორე მხარე, მაგალითად, შვედურად, ყურსასმენში პირდაპირ ისმის ინგლისურენოვანი თარგმანი.
ამ დროისთვის მოწყობილობა თარგმნის 40 ენას.