logo_geo
მწერალი თემურ ჩალაბაშვილი იუბილარია: ერთ კედელზე ვაჟას სურათი, მეორე მხარესაც ვაჟას სამყარო
- +

12 ნოემბერი. 2019. 00:59

 

68 წლის წინ, 12 ნოემბერს ქიზიყში თოფი გავარდა - თემურ ჩალაბაშვილი დაიბადა! გილოცავ, თემო, მაგრა იყავ!!!


არაჩვეულებრივი მუზეუმის ბინადარი


რთული მისია ვიკისრე – ერთ პატარა წერილში მოვათავსო ცხოვრებისეული შტრიხები კოლორიტული კაცისა, რომელსაც 12 ნოემბერს დაბადების დღე აქვს, 50 წელი უსრულდება. ამ წერილის დაწერა რომ ჩავიფიქრე, ფანქარი და ფურცელი მოვიმარჯვე და რამდენიმე დღის მანძილზე, რაც გამახსენდებოდა, ვინიშნავდი. მერე ამ ნაფიქრ-გახსენებულის პატარა „ბარათში“ ჩატევა გამიჭირდა, თორემ სხვა რისი უნდა შემშინებოდა.

თემურ ჩალაბაშვილი ძველ ვორონცოვზე ცხოვრობს, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, ნიკოლოზის ეკლესიის ახლოს. ოროთახიან ბინაში, ერთი ოთახი მუზეუმსა აქვს დათმობილი – ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სიძველის სასიამოვნო სურნელი რომ გცემს.

ერთ კედელზე, ვაჟას სურათის ქვემოთ, ძველებური ხალიჩა კიდია, მამაპაპისეული ხმალ-ხანჯლებითა და დაირით. მეორე მხარესაც ვაჟას სამყაროა – ერთ ფოტოზე დიდი პოეტი და მისი მეუღლე არიან აღბეჭდილი, მეორეზე – თემო ჩალაბაშვილი, ბავშვითურთ, ვაჟას ქალიშვილთან, ჩარგალში.

ამ კედელთანაც და საპირისპირო მხარესაც, სადაც მაღალ ჭერამდე წიგნის თაროებია კედელს აყოლებული, ძველებური სამოვარი თუ გობი, თუნგი, სურები, ფილთაქვა, დოქები, თიხის ჭურჭელი დაგხვდებათ. იმ თაროებიდან ილია და გალაკტიონი, გოგლა და ტიციანი, თანამედროვე პოეტები და ხელოვანები შემოგყურებენ. ბევრ მათგანთან თვითონ თემოა გადაღებული. ქვემოთ, იატაკზე, ხალხური საკრავების მთელი წყებაა გაშლილი.

მაგრამ, ვიდრე ამ, ქუჩაში გამავალ ოთახში შევალთ, შუა, ანუ პირველი უფანჯრო ოთახი უნდა გავიაროთ და მთავარი სასწაულიც იქ დაგვხვდება – კუთხეში ამოყვანილი აგურის გიზგიზა ბუხრის თავიდან, ვინ იცის, როდის შემოდგმული კვახი გადმოგყურებს ამაყად. მას ჩამიჩი უმშვენებს გვერდს. იქვე უკვე ფერშეცვლილ, გახუნებულ-გაუხეშებულ ბროწეულს მოჰკრავთ თვალს.

ერთი სიტყვით, ქართული მიწის მთელი ბარაქა აქ არის თავმოყრილი, რომლის გვერდითაც ფანდურს, ჩონგურს, დოლს, ომარ კელაპტრიშვილის ნაჩუქარ საკუთარ სალამურს, გიტარას დაუკავებია ადგილი.

ამ არაჩვეულებრივად ბუნებრივ ნატურმორტს ზემოდან შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, ბარათაშვილი დაჰყურებენ. ეულად და სევდიანად აკიაფებული სანთლის შუქზე, რაც თბილისური ზამთრის ღამეებში ჩალაბაშვილების ბინაშიც ჩვეულებრივი ამბავია, ეს ბუნებრივად გაწყობილი კომპოზიცია მართლაც შთამბეჭდავია. მასში არა მარტო ნიჭიერი დიზაინერის ოსტატობა და თვალი, არამედ, და უფრო მეტადაც, ოჯახის ბინადართა სული ჩანს.

აბა წარმოიდგინეთ – ამ სანთლის მკრთალ შუქზე, არაჩვეულებრივ გარემო-ატმოსფეროში ტაბლას რომ უზიხარ, ხელში ჭეშმარიტად ქართული სასმისი გიჭირავს (ახლა მას სათითეს ეძახიან), დალოცვილ რქაწითელს წრუპავ და ფანდურის კვნესას ისმენ, რა ხასიათზე დადგები და თუ ოდნავ ლექსის ჭია გღრღნის, რა ლამაზ სევდიან სტრიქონებს გამოთლი! თემოს „სანთელიც“ აგეკვიატება:

 

შენ ციური ხარ, სუსტი, ცდომილი,

ო, პაწაწინა თაფლის სანთელო.

გყოლია მრევლი ხელაპყრობილი,

შენ შეგინახავს ეს საქართველო.

 

ჩამოგიქროლებს სული ტაძართა

და ეგ სიწმინდე გასაკვირია.

ბევრჯერ მომხდურმა ცრემლი წაგართვა,

ბევრჯერ დაღვრილხარ, და გიტირია.

 

შენ სანთელი ხარ, სუსტი, უბრალო,

მაგრამ რამდენი კვნესა მიგვრძნია,

შენ, საქართველოს ჭირისუფალო,

ბედნიერი ხარ, წვა შეგიძლია...

ეს ბინა-მუზეუმი თემო ჩალაბაშვილს შვილებისთვის, შესანიშნავი ახალგაზრდებისთვის სჭირდება, თორემ ან მას და ან მის მეუღლეს ამით ტკბობის დრო სადა აქვთ. გეტაა ოჯახის მარჩენალი და შინ დასასვენებლად წუთიც არ რჩება. თემო კი, ეს, ერთი შეხედვით, დარდიმანდი, მოქეიფე და „ერთლექსიანი პოეტი“ კაცი ადრე დილიდან მომსვლელებს ვერ აუდის და ხშირად შინიდან ალიონზევე გარბის. არა, იმათ კი არ ემალება, წინა დღეების დავალებები აქვს შესასრულებელი და დრო არ ჰყოფნის, ჯერ იმ დღეებისას მოითავებს, მერე ამათ მოხედავს.

ხან პოლიციაში რეკავს და ხან პოლიციის აკადემიაში, ხან სასწრაფო დახმარების სამსახურში და ხან საავადმყოფო-პოლიკლინიკებში, ხან სამხედრო დაწესებულებებში და ხან რადიო-ტელევიზიებში. სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ კორპუსშიც მოჰკრავ თვალს ამ ვერცხლისწყალივით მოძრავ კაცს.

ყველგან ნაცნობი ჰყავს, ყველა მისი მეგობარია!

გაცემული მადლი გაჭირვების ჟამს თუ არ გიშველის, სიხარულის ჟამს მაინც მოგეწევაო...

ჩალაბაშვილებს ორი შვილი ჰყავთ, ქალ-ვაჟი. მამა თამთას ცოტა ანებივრებს, ჯერ ერთი, გოგოა, მერე, უმცროსია. ბეჟანი აკვნესებს სალამურსო, ამას წინათ მითხრა, სალამურის ხმა რომ შემოგვესმა. ვაჟას სამყაროში გაზრდილმა ბიჭმა ფანდურზე დაკვრაც პატარაობიდანვე ისწავლა, მერე გიტარასაც შეჰბედა. თავისთვის უკრავს, გასართობად, თავის გამოჩენა და სცენაზე ასკუპება, მამამისის არ იყოს, არ უყვარს. ერთი საოცარი რამ აქვს თემურს შვილებზე ნათქვამი: ბავშვს თვალებში ღრმად ნუ ჩახედავ, მისი მზერისგან თავის დაღწევა გაგიჭირდებაო.

აბა ნახეთ, ჩალაბაშვილზე უკეთ ამას ვინ იტყოდა – ბავშვის სული ახალცვარდაყრილ ბალახს მაგონებს, მისი სხეული კი ამ ბალახზე აკუნტრუშებულ სულელ ხბოსო.

ესეც რა კარგია – ახალდაბადებული ბავშვი იმიტომაც არ ლაპარაკობს, რომ ჯერ ადამიანებს, გარემოს აკვირდება, სხეულის მომაგრებამდე დუმილს არჩევს, ვინ იცის, სიტყვა რას შეამთხვევსო...

ზემოთ ვთქვი, დრო არ ჰყოფნის-მეთქი. დრო და ჩალაბაშვილი დიდი მტრები არიან! თუ შეხვედრა დაგინიშნა, სიცოცხლეს გაგიმწარებს – ერთი ადამის ჟამის საათი კი უკეთია ხელზე, მაგრამ ან ზედ ვინ იყურება და, რომ დახედოს კიდეც, რას გაიგებს – მგონი, ციფერბლატიც კი არა აქვს.

ქართული მწერლობის ნამდვილი ჭირისუფალია. თუ ვინმეს რამე გაუჭირდა, ყველა მისი საპატრონოა, სასწრაფო დახმარების თუ პოლიკლინიკის ექიმები აჰყავს. სადღაც ორ გროშს იშოვის და დედას პურით, ყველით, მწვანილეულით, ხაჭაპურითა და ერთი ხელადა ღვინით აიხუნძლება – ახალგაზრდებს აცნობს ღვაწლმოსილ ინტელიგენტებს, ქუჩაში, საუბედუროდ, სულ უფრო იშვიათად რომ ვხვდებით.

ღმერთმა დაიფაროს და თუ ვინმე აღესრულა, თემო ჩალაბაშვილი ისე ლამაზად გაისტუმრებს იმ ქვეყანას, უთუოდ გაიფიქრებ, საწყალს სიცოცხლეში რომ გამოსჩენოდა ასეთი პატრონი, რა მოკლავდაო. უდარდელ კაცს ვერ იტანს, ეს ისეთი სენია, სიკვდილიც რომ ვერ განკურნავსო.

ჩვენი თაობის ერთი წესიერი, უდავოდ ნიჭიერი პოეტი გარდაიცვალა მარტოობაში. თემო პროცესიას ვერ გაჰყვა. ცუდად გახდა და შინ წავიდა. საქელეხოდ გამზადებული ისეთი ხალხი დალანდა, ვინც გაჭირვებაში მყოფი კაცი ერთხელაც არ მოიკითხა, იქით არც გაუხედავს, ეგებ დასცინოდა კიდეც. იქნებ მათ გვერდით გავლა არ ინდომა თემომ?

ამბობენ, მიწა ცივიაო... არა მგონია: რაც დრო გადის, დაკარგულ ადამიანს მით უფრო უახლოვდება და უფრო მეტად გიყვარსო, – უთქვამს.

ცაში ასვლისას მიწის სიყვარული განუსაზღვრელად დიდია. ნეტავ მიწაში ჩასვლისას თუ გრძნობენ ცის სიყვარულს?...

ხომ ამბობენ, გარდაცვლილის სული ცას უერთდებაო... ესეც ჩაბალაშვილია.

სულ ახალგაზრდებში ტრიალებს ქუჩაში, უნივერსიტეტში, ვინმე ახალგაზრდა მოეწონება – ვინაობას, სადაურობას გამოჰკითხავს, აუცილებლად აღმოაჩენს, რომ ან ვინმეს მეზობელია, ან ძმისშვილის მეგობარი ან კიდევ ვინმე სხვა. შინ წაიყვანს და ის ბიჭი უკვე მისი მეგობარია. არ მახსოვს, ერთხელ მაინც შემცდარიყოს არჩევანში. და დაჰყავს ეს ყმაწვილები ხან რომელ და ხან რომელ მოღვაწესთან, მათი მესაიდუმლე ხდება, მათი ცხოვრებით ცხოვრობს, მისი მეუღლე – გეტა, ამბობს, უკვე მისი შვილობილები არიანო.

ქუჩაში ხშირად შეხვდები ამ ახალგაზრდებთან, ხან ერთთან, ხან მეორესთან, ზოგჯერ მთელი ჯგუფი დაჰყვება.

როგორ უხარია მათი წარმატება, მათი ნიჭიერება! თვალებგაბრწყინებული გეტყვის, იცი, რა ლექსებს წერს? იცი, რას ხატავს? იცი, ფანდურზე როგორ უკრავს? იცი, რა ნიჭიერი ბიჭია! ახლა ამ ახალგაზრდების გულში ჩაიხედეთ! მეცხრე ცაზე არიან, მაგრამ კი არ დაფრენენ, წინამძღოლის ხათრით და პატივისცემით მეტის გაკეთებას ცდილობენ, უკეთესის შექმნას ეშურებიან.

ოღონდ ნურავინ ეცდება, თავად მიაგნოს თემო ჩალაბაშვილს. არ არის საჭირო. თუ კაცი ხარ, თვითონ გიპოვის, ათასში ამოგარჩევს.

რამდენს შორიდან ნაცნობს ბავშვი მიუყვანია, – ლექსებს წერს და ეგებ წაიკითხოთ, რჩევა მისცეთ, იქნებ მისგან რაიმე გამოვიდესო; რამდენი უთვისტომო და მარტოხელა პოეტისთვის მიუცია თავისი ბინა ნავსაყუდლად და ამ მოცუცქნულ ბინაში, სადაც ოთხი სული ძლივს ეტევა, შვიდ, რვა, ათ ადამიანს გაუთევია გადაბმულად ღამეები.

გაჭირვებისგან თავის დაღწევა უფრო იოლია, ვიდრე ფუფუნებისგან – ეს მისი ცხოვრების კრედოა!

შუაღამისას ხან ერთი მეგობარი დაურეკავს, ხან მეორე – უხასიათოდ ვარ, ფიქრი მღრღნის... რაღაც ფრაზა ვერ გავმართე, სიტყვა ვერ ვიპოვე და მიშველე, მომხედე, ფრაზა გამიმართე, ნაპოვნი სიტყვა შემიქე და გამამხნევეო.

ერთგულება უკურნებელი სენივითააო, ბევრჯერ უთქვამს. ასეთი რამ სჭირს თავადაც.

...ერთი სკოლის ერთ კარგ ქართულის მასწავლებელს თავისი სადამრიგებლო კლასის პროგრამაში ჩვენი ზემოთ ნახსენები „სანთელი“ შეუტანია. რა ამაყია თემო! მაგრამ მხოლოდ ერთი წუთით, ერთი გაფიქრებით. არასოდეს ანებივრებს თავს.

ხანდახან თავადაც არ იცი, რა გინდა, წამიერად დაღონდები, წამიერად გიხარია. დედამიწაზე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ეს გრძნობა არ დაუფლებოდეს. ამ საოცარ ორუცნობიან განტოლებას მხოლოდ სიკვდილი თუ ამოხსნისო...

სევდიანია ჩალაბა, თავისი ლექსივით სევდიანი და ტკივილიანია. სიყვარულის კაცია თემო, თავისი ლექსივით სუფთა და სიყვარულის კაცი. თავის ლექსებში, თავის სტრიქონებში ვის არ მიაგებს პატივს, ვის არ ეფერება – ვანო მაჩაბელს თუ ივანე ჯავახიშვილს, თენგიზ არჩვაძეს თუ მერი გომართელს, ომარ კელაპტრიშვილსა თუ ჰამლეტ გონაშვილს...

თემო ჩალაბაშვილი უდრეკი ქიზიყიდან არის „გამოქცეული“. თბილისში ახალჩამოსულ ახალგაზრდა კაცს ბედმა ეს ათქმევინა: რა ბედნიერებაა უცხო ქალაქში ყოფნა, როცა საკუთარი თავის გარდა ნაცნობს ვერავის ხედავო.

მერე კი, დროთა განმავლობაში თავისიანები, თავისი სოფელი, დედა რომ მოენატრა – ასე მგონია, დედის რძეში შენი ერის ყველა ნიშან-თვისებაა შეზავებულიო.

ესეც ბავშვობის მონატრებაა, დიდ ქალაქში აზრად ჩამოყალიბებული. ვისაც ბავშვობაში ჩიტის სიკვდილი არ განუცდია, ის დიდობაში კაცის სიკვდილსაც ვერ იგრძნობსო...

დღეს თენურ ჩალაბაშვილი 50 წლისა გახდა! რა დრო გასულა! არადა, „ერთი ლექსის“ მეტი არ დაუწერია, გაიძახის, პოეტი ერთი ლექსიაო!..

ღამე უყვარს, ღამით ხეტიალი, თუგინდ ფიქრით, რა ქნას, პოეტია!

2001 წელი

ავტორი: დავით ჭელიძე

 

 

 

 

big_banner
არქივი