logo_geo
ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა
- +

20 იანვარი. 2020. 18:40

 

დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა.

 

ფოლკლორის დარბაზში თავს მოიყრის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერები. აქ განთავსდება ფონოჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება. ასევე შეგროვდება ახალი მასალები. დარბაზში განთავსდება მუდმივი ექსპოზიცია. დაინტერესებული პირებისთვის კი მათთვის სასურველი დოკუმენტების და ჩანაწერების ციფრული ვერსიებიც იქნება ხელმისაწვდომი.

დარბაზის სარესტავრაციო სამუშაოები ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა შენობის თანადროული (1912 წელი) უნიკალური კედლის მხატვრობა, რომელიც აღადგინეს სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფონდ „ქართული გალობის“ დამაარსებელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოების წარმომადგენლები. ფოლკლორის დარბაზის მნიშვნელობაზე ისაუბრა ანზორ ერქომაიშვილმა.

 

ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული გალობა-სიმღერისა და ტრადიციული ხელოვნების სხვა დარგების თანადგომას, მათ განვითარება-პოპულარიზაციასა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობას, ამ საქმეში ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობისთვის სტიმულის მიცემას. ფოლკლორის დარბაზის გახსნაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.

 

ღონისძიებაზე ქართული ტრადიციული სიმღერები შეასრულეს გალობის უნივერსიტეტის ქალთა ანსამბლმა და ანსამბლმა „შილდამ“.

 

ღონისძიება მეღვინეობა „შილდას“ მხარდაჭერით გაიმართა.

 

big_banner
არქივი