logo_geo
სასამართლომ არ მიიღო Nirvana-ს ალბომის ყდაზე ჩვილობისას გამოსახული კაცის სარჩელი, რომელიც ჯგუფს პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებდა
- +

4 იანვარი. 2022. 21:47

 

 

„კალიფორნიის შტატის სასამართლომ უარი თქვა Nirvana-ს ალბომ Nevermind-ის ყდაზე ჩვილობისას გამოსახული სპენსერ ელდენის სარჩელის არსებით განხილვაზე, რომელიც ჯგუფის ყოფილ წევრებს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებდა“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში მოპასუხეთა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ელდენის პრეტენზიები დაუსაბუთებელია და აღნიშნეს, რომ მან არაერთხელ გაიმეორა აუზში გადაღებული ცნობილი ფოტო, მკერდზე კი ჯგუფის ალბომის სახელწოდების გამოსახულებით ტატუ აქვს გაკეთებული. ელდენს ამ არგუმენტებზე პასუხი 30 დეკემბრამდე უნდა გაეცა, თუმცა მან ეს არ გააკეთა. ამიტომ, სასამართლომ მისი სარჩელის არსებით განხილვაზე უარი თქვა.

 

30 წლის ელდენი ჯგუფის ცნობილი ალბომის Nevermind-ის ყდის გმირია. მასზე შიშველი ბავშვი აუზში ცურავს და კაუჭზე მიმაგრებული დოლარიანი კუპიურისკენ იშვერს ხელს. ფოტოს გადაღებისას ელდენი 4 თვის იყო.

 

ელდენმა სასამართლოში სარჩელი 2021 წლის აგვისტოში შეიტანა. მისი განცხადებით, მშობლებმა ფოტოსესიაში მისი მონაწილეობის სანაცვლოდ 200 დოლარი მიიღეს, თუმცა არასდროს გაუციათ თანხმობა ფოტოს კომერციული გამოყენებისთვის.

 

Nevermind-ი 1991 წლის სექტემბერში გამოვიდა და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ალბომი გახდა.

 

 

big_banner
არქივი