logo_geo
კულტურის სამინისტრომ თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოაცხადა
- +

1 მარტი. 2022. 20:39

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“.

 

სამინისტროს მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 400 000 ლარს და მისი მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების, ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება.

 

კონკურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, თეატრი, პროფესიული მუსიკა, ანიმაცია, ფოტოგრაფია, ახალი მედია, მედია-ხელოვნება.

 

გასულ წელს სამინისტროს მიერ ამავე კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 40 პროექტი, რომელიც განხორციელდა 57 ლოკაციაზე და პროექტებში ჩართული იყო 418 მონაწილე.

 

ახალი კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.

 

კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს პროექტს, რომლის დაფინანსების შესაძლებლობასაც არ ითვალისწინებს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ სხვა რომელიმე ქვეპროგრამა.

 

„საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 1-ლი მარტიდან 2022 წლის 10 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 340 079 (სამუშაო საათების განმავლობაში)“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი