logo_geo
ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის დიმიტრი ხახუტაშვილის დაბადებიდან 95 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
- +

10 ივლისი. 2022. 12:04

 

 

ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის და პედაგოგის, დიმიტრი ხახუტაშვილის დაბადებიდან 95 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. 50-იანელთა თვალსაჩინო წარმომადგენლის გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

 

ექსპოზიციის ფარგლებში გამოიფინა მხატვრის ოჯახისა და ბიზნესმენ დავით ტატულაშვილის კოლექციებში დაცული, მხატვრის სხვადასხვა პერიოდის 80 ნამუშევარი და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან ერთი ფერწერული ტილო.

 

აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2021 წლიდან დაწყებულია საზღვარგარეთ გატანილი ნახატების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. სამწუხაროდ, არაერთი მათგანი დაკარგულად ითვლება. 2022 წელს უკვე დაბრუნებულ ნახატთაგან ერთ-ერთი სწორედ დიმიტრი ხახუტაშვილის ნამუშევარია და იგი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ინახება.

 

 

დიმიტრი ხახუტაშვილი 50-იანელთა თაობის ის შემოქმედია, რომელმაც, მიუხედავად საკუთარი წარმატებული კარიერისა, მთელი თავისი ენერგია პედაგოგობისკენ მიმართა - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არაერთი თაობა აღზარდა.

 

დიმიტრი ხახუტაშვილი თითქოსდა მიჩუმებულ შემოქმედებით ცხოვრებას ეწეოდა, იყო ძიებაში, მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა, არ ცდილობდა პერსონალური გამოფენის მოწყობას.

 

მხატვრის შემოქმედების სრული სპექტრის წარმოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა ხელოვნებათმცოდნეებისთვის. ათეულობით ფერწერული, გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაციები, ესკიზები თითქმის უცნობი იყო საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში შესრულებული დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა სერიოზული განაცხადია ქართულ მხატვრობაში. მისი კომპოზიციების გრაფიკულ-სტრუქტურული ორიგინალურობა, კომპლექსური ხედვა ბატალური სცენების შექმნისას, თამამი და ღია ემოციური ხელწერა წარმოაჩენს დახვეწილი გემოვნებისა და საშემსრულებლო ტექნიკის მქონე, გამორჩეულად მოაზროვნე ხელოვანს, რომელიც მუდმივი ძიებითა და ექსპერიმენტებით იყო გატაცებული და რომლის ნამუშევრებიც დროის გადასახედიდან კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და მნიშვნელობას იძენს.

 

სიმბოლურია, რომ მოცემული გამოფენაც სამხატვრო აკადემიის დაფუძნების 100 წლის თავზე გაიხსნა და ის ამგვარად პატივს მიაგებს ახალგაზრდებზე მოამაგე პედაგოგებს.

 

დიმიტრი ხახუტაშვილის 95 წლისადმი მიძღვნილი გამოფენის ნახვას დამთვალიერებელი 6 აგვისტოს ჩათვლით შეძლებს.

 

 

big_banner
არქივი