logo_geo
„კომპოზიტორთა ეროვნულ კონკურსში“ მონაწილეობის მიღების მიზნით, 20 სექტემბრიდან განაცხადების მიღება იწყება
- +

4 სექტემბერი. 2022. 11:01

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ „კომპოზიტორთა ეროვნულ კონკურსში“ მონაწილეობის მიღების მიზნით, 20 სექტემბრიდან განაცხადების მიღება იწყება.

 

როგორც ცნობილია, „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ კულტურის სამინისტრომ სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრთან ერთად, 2022 წლის აპრილში დააფუძნა და მისი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 65 000 ლარს. კონკურსის მიზანია ეროვნული საკომპოზიტორო ხელოვნების განვითარება და კომპოზიტორთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.

 

კონკურსი 2 წელიწადში ერთხელ გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე კომპოზიტორებს. „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ 2 ასაკობრივი ჯგუფისთვის, 17-დან 25 წლის ჩათვლით ასაკის პირებისთვის და 25 წელს ზემოთ პირებისთვის გაიმართება.

 

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნაწარმოები არ უნდა იყოს გამოცემული და/ან შესრულებული კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ იქნება განხილული, ან ფაქტის გამოვლენისთანავე მოიხსნება კონკურსიდან. საკონკურსო განაცხადების მიღება კულტურის სამინისტროში დაიწყება 2022 წლის 20 სექტემბრიდან 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. ამით კომპოზიტორებს ეძლევათ საკმარისი დრო განაცხადის მოსამზადებლად. შემოსული განაცხადები გადაეცემა სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს, რომელიც თავის მხრივ დააკომპლექტებს ჟიურის და გამოავლენს კონკურსში გამარჯვებულებს.

 

„კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის“ ფარგლებში მუსიკალური ნაწარმოებები მიიღება შემდეგ მუსიკალურ კატეგორიებში:

 

  • კამერული მუსიკის კატეგორიაში საკონკურსოდ ნაწარმოები მიიღება სოლო ინსტრუმენტისთვის; კამერული ანსამბლისთვის და კამერული ორკესტრისთვის;

 

  • საგუნდო-ვოკალური მუსიკის კატეგორიაში საკონკურსოდ ნაწარმოები მიიღება გუნდისთვის ან ვოკალისთვის (თანხლებით, ან თანხლების გარეშე).

 

  • სიმფონიური მუსიკის კატეგორიაში საკონკურსოდ ნაწარმოები მიიღება სიმფონიური ორკესტრისთვის (შესაძლებელია სოლო ინსტრუმენტების, ვოკალის ან გუნდის მონაწილეობით).

 

კამერული მუსიკის კატეგორიაში დაწესებულია შემდეგი ფულადი პრემიები:

 

ა) I პრემია - 2000 ლარი;

 

ბ) II პრემია - 1500 ლარი;

 

გ) III პრემია - 1000 ლარი.

 

საგუნდო/ვოკალური მუსიკის კატეგორიაში დაწესებულია შემდეგი ფულადი პრემიები:

 

ა) I პრემია - 2000 ლარი;

 

ბ) II პრემია - 1500 ლარი;

 

გ) III პრემია - 1000 ლარი.

 

სიმფონიური მუსიკის კატეგორიაში დაწესებულია შემდეგი ფულადი პრემიები:

 

ა) I პრემია - 5000 ლარი;

 

ბ) II პრემია - 3000 ლარი;

 

გ) III პრემია - 2000 ლარი.

 

ინფორმაცია გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე არაუგვიანეს შესაბამისი წლის 15 დეკემბრისა.

 

კონკურსის პირობები და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://cutt.ly/EF9py7k

 

 

 

 

big_banner
არქივი