logo_geo
ჭიათურის თეატრში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა
- +

11 ნოემბერი. 2022. 17:21

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა „უბრალო ამბავი“, რომელიც თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დავით ნიკოლაძემ დადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სპექტაკლის პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

 

„უბრალო ამბავი" პირველი სპექტაკლია, რომელიც დავით ნიკოლაძემ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ დადგა.

 

სპექტაკლი შექმნილია თანამედროვე უკრაინელი დრამატურგისა და პოეტის, ანა იაბლონსკაიას პიესის, „მენავის" მოტივებზე. პიესის თარგმანი და სცენური ადაპტაციაც დავით ნიკოლაძეს ეკუთვნის. ეს არის ზღაპარი დიდებისთვის, რომელიც ფანტასმაგორიული ენით მოგვითხრობს ისეთ მარადიულ ცნებებზე, როგორიც არის სიყვარული, სიცოცხლე, სიკვდილი, ბედისწერა...

 

სპექტაკლში მონაწილეობენ ჭიათურის თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები. მხატვარია ლომგულ მურუსიძე, კოსტიუმების მხატვარი - ნუცა (ნინო) ჭყონია, კომპოზიტორები - სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია.

 

მიმდინარე წლის დეკემბერში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იგეგმება პრემიერა სპექტაკლისა „ზვავი“ (რეჟისორი გიორგი ქლაინი).

 

როგორც ცნობილია, სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას რეჟისორი დავით ნიკოლაძე „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოთხი წლის ვადით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან იკავებს.

 

 

big_banner
არქივი