logo_geo
„ქართული შრიფტი გრაფიკოს-დიზაინერებისთვის“ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა
- +

6 დეკემბერი. 2022. 01:50

 

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა სახელმძღვანელოს ტიპის წიგნის - „ქართული შრიფტი გრაფიკოს-დიზაინერებისთვის“ - პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ქართული შრიფტი გრაფიკოს- დიზაინერებისთვის“ გამოიცა კულტურის სამინისტროს კონკურსის - „სახელოვნებო საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლება (თარგმნა ან/და გამოცემა)“ - ფარგლებში. წიგნის ავტორია ნინო ჯიშკარიანი, თანაავტორი - მერაბ გეწაძე.

„ქართული შრიფტი გრაფიკოს-დიზაინერებისთვის“ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) პრაქტიკული სახელმძღვანელოა, რომელიც განკუთვნილია ქართული ასონიშნების მოხაზულობით დაინტერესებული ქართველი და უცხოელი გრაფიკოს-დიზაინერებისთვის. წიგნი შედგება ხუთი ნაწილისგან. შესავალი გვაწვდის ინფორმაციას ქართული შრიფტის განვითარების ისტორიისა და დღევანდელი მდგომარეობის შესახებ; წიგნის ძირითადი ნაწილი - პრაქტიკული სახელმძღვანელო გრაფიკოს-დიზაინერებისთვის, ეხება ქართული ასო-ნიშნების აგებისა და სიბრტყეზე განთავსების წესებს; საგანმანათლებლო ტექსტთან ერთად, თვალსაჩინოებისთვის, მესამე ნაწილში წარმოდგენილია ქართულ შრიფტზე სხვადასხვა დროს მომუშავე პროფესიონალი მხატვრების მიერ ხელით შექმნილი შრიფტები; მეოთხე ნაწილში თანამედროვე, კომპიუტერული ფონტების ნიმუშებია ანოტაციებით, ხოლო მეხუთე ნაწილი ეთმობა ქართულ შრიფტს ურბანულ სივრცეში.

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო-გზამკვლევის გამოცემა მნიშვნელოვანია როგორც გრაფიკოს-დიზაინერებისთვის, ისე, ზოგადად, სახელოვნებო საგანმანათლებლო პროცესისა და ქართული შრიფტის განვითარების პერსპექტივისთვის.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, წიგნის ავტორი ნინო ჯიშკარიანი, თანაავტორი მერაბ გეწაძე, ხელოვნებათმცოდნე მარიამ გაჩეჩილაძე, მწერალი გურამ ოდიშარია, მხატვარი ალექსანდრე სლოვინსკი და დიზაინერი ნოდარ სუმბაძე.

big_banner
არქივი