logo_geo
ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ გაბრიაძის თეატრმა სპექტაკლი „ალფრედი და ვიოლეტა“ წარმოადგინა
- +

20 ოქტომბერი. 2023. 15:08

 

 

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში საქართველოს კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი „ევროპალია - საქართველო“ წარმატებით გრძელდება. 18 და 19 ოქტომბერს ბრიუსელში მაყურებელმა ნახა თბილისის მარიონეტების თეატრის სპექტაკლი ,,ალფრედი და ვიოლეტა“. მანამდე, 16 ოქტომბერს, წარმოდგენა ორჯერ გაიმართა საფრანგეთის ქალაქ ვალანსიენში. სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

სპექტაკლში გადმოცემული მარადიული სიყვარულის ამბავი, რომელიც ყველასთვის ცნობილია ალექსანდრე დიუმას (შვილი) რომანიდან „ქალი კამელიებით“ და ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „ტრავიატა“, თავის დროზე რეჟისორმა და სცენარისტმა რეზო გაბრიაძემ განსხვავებული ინტერპრეტაციითა და მხატვრული გადაწყვეტით შემოგვთავაზა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი რეჟისორ ლეო გაბრიაძის მიერ განახლებული სპექტაკლი კვლავ დაუბრუნდა თეატრს. განახლებული სპექტაკლის პრემიერა შედგა 2021 წელს.

 

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგია მასპინძლობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალს „ევროპალია“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. „ევროპალია -საქართველოს“ ეგიდით 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება.

 

ფესტივალი უნიკალური შესაძლებლობაა ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ისტორიისა და კულტურის წარმოსაჩენად, განსაკუთრებით - წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოლოდინის ფონზე.

 

კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს.

 

ფესტივალის სტუმრებს ოთხი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობასა და ხელოვნებას. „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში 60-მდე ღონისძიება ჩატარდება ბელგიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში. ევროპელი საზოგადოება დაესწრება ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას.

 

ფესტივალის ორი მთავარი, ქვეყნისათვის უპრეცედენტოდ მასშტაბური, გამოფენაა „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“. პირველი გამოფენა - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ - ევროპაში პირველად იმართება და ის 4 ოქტომბერს გაიხსნა ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში (BOZAR).

 

ფესტივალზე ასევე წარდგება ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სამეფო უბნის თეატრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივ პროექტებს.

 

მარიონეტების თეატრი უნიკალური საავტორო თეატრია, რომელმაც რეზო გაბრიაძეს შესაძლებლობა მისცა, ერთ სივრცეში გაეერთიანებინა თავისი მრავალმხრივი შემოქმედება. რეჟისორი, დრამატურგი, მხატვარი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე თავად წერდა პიესებს, ქმნიდა თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებდა. არსებობის 40 წლის განმავლობაში გაბრიაძის თეატრმა მრავალი ქვეყანა მოიარა და არაერთ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ეწვია ქალაქებს: ავინიონს, ედინბურგს, ნიუ-იორკს, ტორონტოს, ლონდონს, ჩარლსტონს, პარიზს, პეტერბურგს, მოსკოვს. გაბრიაძის გმირების იუმორი, დარდი თუ სიხარული მსოფლიოს ყველა კუთხეში გასაგებია, რადგან მისი თეატრის ენა უნივერსალურია.

 

2023 წლის „ევროპალია-საქართველოს“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე:  https://europalia.eu/…/europali…/europalia-georgia-programme

 

სპექტაკლის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://europalia.eu/…/rezo-gabriadze-theatre-alfred-and…

 

 

big_banner
არქივი