logo_geo
„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში ბრიუსელში „დებ ჩამგელიანებისა“ და „დიდგორის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა
- +

12 ნოემბერი. 2023. 14:29

 

 

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარეობს ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“. 11 ნოემბერს ბრიუსელში, „მუზიკფაბლიკის“ მოლიერის თეატრში, საფესტივალო დღე დაეთმო „დებ ჩამგელიანებისა“ და „დიდგორის“ ერთობლივ კონცერტს. საღამოზე ჭუნირის თანხლებით შესრულდა წინაპართა სიმღერები, სვანურ მითებთან დაკავშირებული ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები.

 

ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტმა მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

 

15 ნოემბერს ასევე ბელგიაში გაიმართება ანსამბლ „ბასიანისა“ და „დებ ჩამგელიანების“ ერთობლივი კონცერტი, 18 ნოემბერს კი ევროპელი საზოგადოება ბრიუსელში ანსამბლ „დიდგორის“ კონცერტს დაესწრება.

 

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგია მასპინძლობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიას“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.

 

ფესტივალი უნიკალური შესაძლებლობაა ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ისტორიისა და კულტურის წარმოსაჩენად, განსაკუთრებით - წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოლოდინის ფონზე.

 

კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს. ფესტივალის სტუმრებს ოთხი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას. ევროპელი საზოგადოება დაესწრება ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას. საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივ პროექტებს.

 

2023 წლის „ევროპალია-საქართველოს“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/.../euro.../europalia-georgia-programme

 

კონცერტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/.../triple-bill-basiani-ensemble...

 

 

big_banner
არქივი