logo_geo
პარიზის რამდენიმე მუზეუმში სტაჟირებაზე ქართველი მუზეუმელები გაიგზავნებიან
- +

15 ნოემბერი. 2023. 11:54

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. მინისტრი შეხვდა „გრან პალესა“ და ეროვნულ მუზეუმთა გაერთიანების პრეზიდენტ დიდიე ფუზილიესა და გენერალური დირექტორის მოადგილე კრისტოფ შოფურს, ასევე, კე ბრანლის მუზეუმის საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხთა ხელმძღვანელს, კლემან ტუჟერონს.

 

შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი.

 

დიდიე ფუზილიესა და კრისტოფ შოფურთან შეხვედრისას განიხილეს თანამშრომლობის გეგმები, პერსპექტივები და სამუზეუმო სფეროსა და სახელოვნებო განათლების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, ქართველი ახალგაზრდა სპეციალისტებისა და ხელოვნების დარგის სტუდენტების სტაჟირება საფრანგეთის მუზეუმებში 2024 წლიდან; სასწავლო მივლინებებისა და სტაჟირებების დაგეგმვა გამოფენის კონცეფციის, მოწყობის, საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებში დახელოვნების მიზნით.

 

შეხვედრის დროს განიხილეს „გრან პალეში“ ქართული კულტურის კვირეულის გამართვის სამომავლო პერსპექტივაც.

 

ფრანგულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა, საქართველოს მუზეუმებთან გაფორმდეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გახდება მომავალი თანამშრომლობის ჩარჩო, ეს კი საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო აქტიურად გაიზიაროს ფრანგული მხარის ცოდნა და გამოცდილება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, გამოფენის მოწყობა, სამუზეუმო სივრცეებში საკომუნიკაციო საშუალებების დანერგვა, ვიზიტის ოპტიმალური მარშრუტის დაგეგმვა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისათვის ახალი სერვისების შეთავაზება და მუზეუმების საკუთარი შემოსავლების ზრდა და სხვ.

 

შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ თბილისში არსებული სამუზეუმო ფონდებისა და, საზოგადოდ, ხელოვნების პოტენციალის გაცნობის მიზნით დაიგეგმება ფრანგ სპეციალისტთა ვიზიტი საქართველოში.

 

კე ბრანლის მუზეუმში შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართულ ფოლკლორს, ქსოვილებისა და ხალიჩების წარმოების ქართულ კულტურას, ეროვნული სამოსის ტრადიციას, ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ეთნოგრაფიასა და ქართული ეთნოლოგიური სკოლის მდიდარ ტრადიციას.

 

მიღწეულია შეთანხმება, სამომავლოდ საქართველოში დაგეგმილ მისიაში მონაწილეობა მიიღოს ამ მუზეუმის წარმომადგენლმა, რათა მან შეისწავლოს ქართულ მხარესთან თანამშრომლობის პოტენციალი.

 

შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული მუზეუმების ერთობლივი გამოფენების მოწყობის საკითხიც.

 

 

big_banner
არქივი