logo_geo
ეროვნულ გალერეაში „კრისტიან დიორის“ ქართველი მხატვრის თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მასშტაბური გამოფენა გაიხსნა
- +

20 ნოემბერი. 2023. 12:08

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის ორგანიზებით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ემიგრანტი ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მასშტაბურ გამოფენას პირველად მასპინძლობს.

 

გახსნის ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და გამოფენის მთავარი სპონსორის, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე დაესწრნენ.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა - მისი ნამუშევრები და პირადი არქივი, მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად, 2022 წელს საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადაეცა. მუზეუმელთა ჯგუფმა გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით, კოლექცია ბრეტანიდან, კერძოდ კი - საფრანგეთის სოფელ ლამპალუზ-პულუარზელიდან საქართველოში ჩამოიტანა. ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულ ნამუშევრებს შორისაა: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი თუ ესკიზი (მიმართულებები: წიგნისა და თეატრის მხატვრობა, მოდის დიზაინი და სხვ.), 200-ზე მეტი საარქივო ფოტო.

 

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მრავალი მიმართულებით მუშაობდა. იგი წლების განმავლობაში იყო სან-პაულოს თეატრის მხატვარი. მან XX საუკუნის 50-იან წლებში რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლ „დიორისთვისაც“. როგორც საარქივო დოკუმენტებში ვკითხულობთ, ის „საბალეტო დადგმებს ქმნიდა - წერდა სცენარებს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა დეკორაციებს, ქმნიდა კოსტიუმებსა და ტექნიკურ დეტალებს, რომლებიც სანახაობას მაყურებლისთვის დაუვიწყარს ხდიდა“.

 

1960-80-იან წლებში მისი გამოფენები იმართებოდა პარიზში, „XVI უბნის გალერეაში“, პარიზის სალონ „სოფიტელ გრუპ 36-ში“, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგის ფრანგული კულტურის ცენტრში. ის ქმნიდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალზე გამართული წარმოდგენებისთვის და სხვ.

 

გამოფენაზე საექსპოზიციოდ გამოტანილია ხელოვანის შექმნილი თეატრისა და წიგნის მხატვრობა, გრაფიკა, კოლაჟები და აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები. კულტურის სამინისტროსთან ერთად პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით გამოიცა თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრების კატალოგიც.

 

დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა 16 დეკემბრის ჩათვლით შეუძლია.

 

 

big_banner
არქივი