logo_geo
ბაკურ სვანიძე - „ბნელი ღრუზინის“ ანატომია
- +

14 დეკემბერი. 2016. 21:40



„ბაკურ ბნელი ღრუზინი" - ამ დასახელების ინტერნეტმომხმარებელი ინტერნეტსივრცეში რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. აღნიშნული პიროვნება - ბაკურ სვანიძეა - ჟურნალისტი-ფსიქოლოგი-პოეტი... კი, აშკარად კარგი პოეტია, მაგრამ გვარწმუნებს, რომ  - უბრალოდ, ლექსის წერით ერთობა და მეტი არაფერი.


გვიხსნის - „ბნელი ღრუზინი" სინამდვილეში იმიტომ დავირქვი, რომ ბნელი ღრუზინი არ ვარო. მეტი სიცხადისთვის დასძენს: ვითარებაა ასეთი - დღეს, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს, ეს გამოშტერებული „ლიბერასტები" უწოდებენ „ბნელ ღრუზინებს" და ეს გამოიყენება კნინობით ფორმაში. სინამდვილეში, ის ტიპები, რომლებსაც „ბნელ ღრუზინებს" უწოდებენ, სავსებით ნორმალური ტიპები არიან და ამ გარემოების გასაპროტესტებლად დავირქვი ეს სახელიო...


უფრო მეტი სიცხადისთვის: ბაკურ სვანიძე, ერთი უშუალო და თავმდაბალი ადამიანია, რაშიც ქვემოთ მოყვანილ მონოლოგით, თავადაც დარწმუნდებით.


 

 

ოჯახი


ჩემი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე თავისუფლად შემიძლია საუბარი. ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ დამიშვია ისეთი შეცდომა, რომ მრცხვენოდეს მისი გახსენების, ამიტომაც საკუთარ თავზე საუბარს დაბადებიდან   დავიწყებ.


თბილისში დავიბადე, 1976 წლის 20 იანვარს - ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლში. მამა, ბეჟან სვანიძე - ჟურნლისტი, „სოფლის ცხოვრების" კორესპონდენტი, ხოლო დედა, ქეთევან კვინტრაძე - გამომცემლობა „საქართველოს" მხატვრული ლიტერატურის რედაქციაში რედაქტორი გახლდათ. ანუ, მამა გაზეთებში, ხოლო დედა - წიგნებში მუშაობდა მთელი ცხოვრება და  ასე, წინგებში და გაზეთებში გავიზარდე მეც. მომწონდა ეს გარემო და ალბათ ამანაც იმოქმედა ჩემს მომავალ პროფესიულ საქმიანობაზე. 10-11 წლის ვიყავი, უკვე სტამბაში რომ ვმუშაობდი. ვეხმარებოდი სტამბის მუშებს ქაღალდის დაპრესვაში, გადატანა-გადმოტანაში და მახსოვს, პირველი შრომადღე მაგ პერიოდში გამომიწერეს კომუნისტებმა.


მეუღლეს გაშორებული ვარ, 6 წელზე მეტია. ორი შვილი მყავს - 18 წლის გოგო და 16 წლის ბიჭი. შვილებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ხშირად არიან ჩემთან.


სკოლა


იმ პერიოდში ვუნდერკინდობა იყო მოდაში და 5 წლის ასაკში მესამე კლასში მსვამდნენ, როგორც განსაკუთრებით ნიჭიერს (ეს მხოლოდ მოდის გამო არ იყო. 5 წლის ვიყავი სკოლაში და უკვე ვკითხულობდი წინადადებებით, ვანგარიშობდი 100-ის ფარგლებში დაუბრკოლებლად და ა.შ.), მაგრამ მამა წავიდა წინააღმდეგი, ისედაც 5 წლის დამსვეს სკოლაში და 5 წლის ბავშვი, მესამე კლასში დაიჩაგრებაო.  ამის გამო, მამის მადლობელი  ვარ. თუმცა, სკოლა მაინც ადრე - 16 წლის ასაკში დავამთავრე. საბჭოთა სკოლაში მომიწია სწავლა. დღეს, საბჭოთა სკოლაზე ბევრ სისულელეს ჰყვებიან, მაგრამ სულ მთლად მასე არ იყო. მე მომწონდა იმ პერიოდის სკოლა. სკოლასთან დაკავშირებული - ცუდი საერთოდ არაფერი არ მახსენდება.


პროფესია


პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. მეორედი პროფესია ჟურნალისტიკაა. ორი დიპლომი მაქვს, მაგრამ ტაქსისტი არ ვარ. :) პროფესია დამოუკიდებლად შევარჩიე.


პირველი სამსახური


როგორც ზემოთ გითხარით, 10-11 წლის ასაკში სტამბაში ვეხმარებოდი, შემდეგ 15 წლის ასაკში, ჩემს ბიძაშვილს, ფეხსაცმლის ცნობილი დიზაინერია, ვეხმარებოდი ფეხსაცმლის ძირების ნავთლუღის ბაზარზე გატანაში და ვყიდდი. გაყიდული თითოეული წყვილი ძირიდან, 20 კაპიკი ჩემი იყო. დაახლოებით ნახევარი წელი ვმუშაობდი.


პირველი ოფიციალური სამსახური იყო ჟურნალი „პირიმზე", სადაც კურიერად ვმუშაობდი, შემდეგ რუსულიდან ვთარგმნიდი. რაც შეეხება სერიოზულ სამსახურს, ეს იყო „დილის გაზეთი".  მაშინ, უკვე 20 წლის ვიყავი და გავხდი შტატიანი კორესპონდენტი.


მთელი ჩემი სამსახურებრივი საქმინობა შემოიფარგლება მედიით - ბეჭდვითი მედია სერიოზული განხრით და ტელევიზიები გასართობი განხრით, „ბუდარია" და ა.შ.


სხვათა შორის, შს სამინისტროშიც ვმუშაობდი, მაგრამ იქაც მედიის განხრით. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინსპექტორი ვიყავი. გადამდგარი პოლიციის ლეიტენანტი ვარ.


რატომ „ბნელი ღრუზინი"?


„ბნელი ღრუზინი" იმიტომ ვარ, რომ სინამდვილეში არ ვარ „ბნელი ღრუზინი". ვითარებაა ასეთი - დღეს, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს, ეს გამოშტერებული „ლიბერასტები" უწოდებენ „ბნელ ღრუზინებს" და ეს გამოიყენება კნინობით ფორმაში. სინამდვილეში, ის ტიპები, რომლებსაც „ბნელ ღრუზინებს" უწოდებენ, სავსებით ნორმალური ტიპები არიან და ამ გარემოების გასაპროტესტებლად დავირქვი ეს სახელი.


90-იან წლებში იდგა ასეთი პრობლემა - თუკი ქალი ქორწინებამდე დაკარგავდა ქალიშვილობას, შესაძლო იყო, გამოეთრიათ ქუჩაში და ჩაექოლათ. რაც სისულელე იყო, და ჩვენ ამ ყველაფერზე ხმამაღლა დავიწყეთ პროტესტის გამოთქმა.  მაგრამ ეს ყველაფერი, 2010 წლის შემდეგ გადაიზარდა დებილობაში - რომ ვინც ქალიშვილობას არ დაკარგავს - ის გოიმია, ბნელია... ე ბიჭო, არ უნდა და არ დაკარგავს, შენ ვინ გეკითხება?! ანუ ერთიდან გადახტნენ მეორე უკიდურესობაში.


ბაკურ სვანიძე და შემოქმედება


ვერთობი, უბრალოდ... არ ვიცი, როგორ აღიქვამს მკითხველი. რვეული ვიპოვე, წარწერით: „საოცარ ბიჭუნას ბაკურს - ვალია ბებიასგან, 1981 წელი"... (ვალია მალანია დედაჩემის თანამშრომელი გახლდათ), რითაც დავაზუსტე, რომ წერა 5 წლის ასაკში დამიწყია. ბოლო ლექსი 2013 წელს დავწერე. სამი წელია, საერთოდ არაფერი დამიწერია. იყო პერიოდი, მთელი 7 წელი არ ვწერდი.


არ ვწერ  იმ პერიოდში, როცა ჩემს პირად ცხოვრებაში არ ხდება რაიმე შთამბეჭდავი. ის 7 წელი, როცა მე არ ვწერდი ლექსებს, იყო იმ მიზეზით, რომ ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდზე იყო, არ მაძლევდა შესაბამის შინაარსს. მისი მხრიდან მოდიოდა მხოლოდ მატერიალურ-სულელური კაპრიზები და ამაზე მე ლექსს ვერ დავწერდი.


დღეს ხშირად მესმის, რომ „არ იბადებიან  ისეთი პოეტები"...  ამ დროს, თბილისში დადის ცოცხალი გიორგი საჯაია, მეტი რა ვთქვა... ამ ადამიანის თაობაზე კი, არ იცის საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტმა. ამაზე მეტი ვინ უნდა დაიბადოს, კაცი არის გენიოსი. კაცი წერს - არ  ვიტყვი, რომ გალაკტიონის, მაგრამ სხვა ყველა აღიარებული გენიოსის დონეზე.


ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -

ხუთი საათია, ღამის, არასრული.

გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,

არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.


გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ,

სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბორკილს

და მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი,

პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ,


გვიყურებს ანთებულ თვალებით კორუნდის

და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა

და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა,

არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა...


და მერე წამია წუთისოფელიც კი.

და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია!

დგას ღამე ფანჯრებთან, როგორც ობელისკი

და ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა,


რომ ამ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -

ხუთი საათია, ღამის, არასრული.

გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,

არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.



ამ ლექსის ავტორია ეს ადამიანი და ეს ცოცხალი ადამიანი რომ დადის საქართველოში, თბილისში და ვიღაც ამბობს, რომ „ისეთი პოეტები აღარ იბადებიან"... უკვე სასაცილოა. ვაჟა, შოთა, გურამიშვილი და გალაკტიონი რომ გასწიო - გიორგი საჯაია გვყავს შემდეგ რიგებში.



სხვათა შორის, გავაგრძელებ - გენრი დოლიძე, როინ აბუსელიძე, ზაზა ბიბილაშვილი... ყველაზე ცოტა, 10 უმაგრესი პოეტი გვყავს დღეს, მაგრამ  სამწუხაროდ, არ არიან ესენი ის ადამიანები, რომლებსაც „საბაზე" დააჯილდოებენ. „საბაზე" რაც ხდება, ეს არის სრული ტუტუციზმი, იქ რაც ფინანსდება, ეს არ გახლავთ ხელოვნება - პირდაპირ ვიტყვი.




რა აკლიათ ადამიანებს?


დღეს რომ ვუყურებ ადამიანებს, ვფიქრობ, რომ აკლიათ - ტვინი, აზროვნება... მაშინვე იღებენ ყველაფერს. ამის ბრალია ამდენი ბელადი, ამდენი იმედგაცრუება...



რას ნანობ?


არის რაღაცები, რასაც ვნანობ. მაგალითად, სხვა ადამიანს დავუკავშირებდი ჩემს ცხოვრებას. აი, იმ გადაწყვეტილებას ვთვლი დიდ შეცდომად... ვერ ვიტყვი, რომ ასაკის ბრალი იყო... ალბათ გამართლებაზეა. ფაქტია, რომ სხვა მსოფლმხედველობის ადამიანთან უნდა დამეჭირა საქმე. სხვა, არაფერი ცუდი არ გამიკეთებია, რომ ვინანო.



ვინ არის ბაკურ სვანიძე


ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ბევრად უფრო დიდ ღირებულებად მიაჩნია თავისუფლება, ვიდრე პიროვნული გამორჩენა, ან გავლენიან ფიგურად ყოფნა და სხვა ასეთი სისულელეები...



 

 

 


 

big_banner
არქივი