logo_geo
ეკა წივწივაძე - ბედნიერება დეტალებში
- +

20 დეკემბერი. 2016. 20:42


 

ნებისმიერ ბრიფინგზე და მედიასემინარზე ყურადღებას იქცევს სხარტი კითხვა-პასუხებით. მოაზროვნე ჟურნალისტია - ცხადია. ამბობს, რომ არასდროს მეგობრობს პოლიტიკოსებთან და არ აფასებს ჟურნალისტებს, რომლებსაც პოლიტიკოსებთან ფამილარული დამოკიდებულება აქვთ. ფიქრობს, რომ კარგი მასწავლებელი იქნებოდა, მაგრამ არა ქართველი ბავშვების - აი, სომალიში ან სადმე მსგავს, ღმერთისგან დავიწყებულ ადგილებშიო - გვეუბნება.

სოხუმში დაიბადა, ომის შემდეგ თბილისში ცხოვრობს, მაგრამ თვლის, რომ სოხუმელია და ასე იქნება ყოველთვის. ბავშვობა სანატორიუმში გაატარა და სკოლამდე მისასვლელად, დღეში სამ კილომეტრს ფეხით გადიოდა. ადამიანები, რომლებიც მსგავს გზებს გადიან, როგორც წესი, გამორჩეულად მიზანდასახულები და წარმატებულები არიან. ეკა წივწივაძის შემთხვევაშიც მსგავს მაგალითთან გვაქვს საქმე.

 

 

ბავშვობა

 

დავიბადე 1988 წლის 1 თებერვალს, ანუ სულ მალე 29 წლის ვხდები - თუმცა, ამ ასაკს ვერ ვგრძნობ, ხან გაცილებით ასაკოვანი მგონია თავი, ზოგჯერ - პირიქით  სკოლის ასაკში ვარ.


მშობლები - მამა ომის ვეტერანია, დედა პროფესიით ჟურნალისტი - ადამიანი, რომელიც ჩემთვის ყველაფერია - ვინც შექმნა ეკა წივწივაძე ისეთად, როგორიც დღეს არის.  


9 წელია დაოჯახებული ვარ. მეუღლე - თორნიკე კოშკაძეც  ჟურნალისტია, ასე რომ, ჩემს ოჯახში ვერ მოიწყენ - სულ ახალი ამბები ტრიალებს. მყავს ორი შვილი - 7 წლის ელენე და 4 წლის ლაზარე. მყავს და, რომელიც ამ ქვეყანაზე ჩემთვის ნომერ პირველი ადამიანია.


საინტერესო ბავშვობა მქონდა. ყველას ხომ არ უწევს სანატორიუმში ცხოვრება... ჩვენს სართულზე ჩემი ოჯახის  გარდა კიდევ 50 ოჯახი ცხოვრობდა, შენობა კი, სულ 7-სართულიანი იყო. წარმოიდგინეთ, რამდენი ჩემი ტოლი იყო - გართობის კორიანტელი. აი,  ბებიების და ბაბუების თაობა ხომ ჰყვება, თოვლსა და ყინვაში კილომეტრებს დავდიოდით ფეხით სკოლაშიო, ჰოდა, მეც წლების განმავლობაში თბილისის ზღვიდან სანზონამდე ზუსტად სამ კილომეტრს გავდიოდი სკოლამდე და მერე ამდენივეს უკან. ზამთარში ციოდა ცოტა, თორემ, ამაზე კარგი ცხოვრებაში ბევრი არაფერი ხდება, ნახევარი კლასი ერთად რომ მივდიოდით და მოვდიოდით და ამ ექვს კილომეტრზე იმდენ ტყუილ-მართალ ისტორიას ვყვებოდით ერთმანეთის გასართობად - ეს სამი კილომეტრი წინ და უკან ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებაა.


ინტერესებს რაც შეეხება  - არასდროს მდომებია კოსმონავტობა და  მსახიობობა,   მეორე კლასიდან ვიცოდი, რომ ჟურნალისტი გამოვიდოდი და ამ სურვილიდან არც არასდროს გადამიხვევია. მადლობა დედას, რომ სხვაც არაფერი შემოუთავაზებია.


სკოლა

 

სკოლა - აი, ამ სიტყვას ვამბობ და იმდენი ბედნიერი მოგონება იყრის თავს... ცხოვრების გადახვევა რომ შეიძლებოდეს, სიამოვნებით დავბრუნდებოდი სკოლაში. მე მყავდა კლასი, რომელსაც არასდროს წასულა „შატალოზე" არა იმიტომ, რომ გვეშინოდა ან ამის თავი არ გვქონდა - იმიტომ რომ ჩემს კლასს ჰყავდა მთელ დედამიწაზე საუკეთესო დამრიგებელი და უბრალოდ მან გვთხოვა. არ მახსენდება სხვა პედაგოგი, ვისაც თავისი კლასისთვის ეთქვას - ,,დაგეზარათ გაკვეთილებზე ჯდომა, წასვლა გინდათ, უბრალოდ მე მითხარით და დანარჩენს მე მოვაგვარებ". დამრიგებელი, რომელიც გეტყვის, თუ ვინმე ქუჩაში უმიზეზოდ ცუდად მოგექცევათ აიღეთ პირველი, რაც ხელში მოგხვდება, გაუქანე და მერე ჩემამდე როგორმე მოდი, დანარჩენს მე მივხედავ, მას არ შეიძლება სურვილი არ შეუსრულო. ამდენი წლის მერეც კი, როდესაც რაღაც ტვინში მიჭირს, მისი დარიგებები სულ მახსენდება და ადამიანურად მაძლიერებს. კლასელებთან ახლაც ვკონტაქტობ. მართალია, წლების წინ  გვეგონა, რომ ერთმანეთის გარეშე  ვერ გავძლებდით, მაგრამ ცხოვრება მთლად ისეთი არ ყოფილა, მაშინ რომ გვეგონა...


სტუდენტობა

 

სტუდენტობის პერიოდი არ მიყვარს და კარგსაც ვერაფერს ვიხსენებ. სწავლის პერიოდიდან კარგი მხოლოდ ის იყო, რომ სახლში  მიდევს დიპლომი, რომ ნამდვილად ჟურნალისტი ვარ და ორი ადამიანი. ერთი ჩემი მეჯვარეა - მეორესი მე ვიქნები - ეს ორი ადამიანი მომცა უნივერსიტეტმა.  უნივერსიტეტში ფეხის შედგმიდან დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. მიხარია რომ მათაც არ გადაუხვიეს პროფესიას. ეთო „ამბები.გეს" მთავარი რედაქტორი და „პალიტრას" წაყვანია, თამთასთან ერთად კი საინფორმაციო სააგენტო „თაიმერი" დავაფუძნე 2012 წელს.


მეამბოხე სტუდენტი არ ვიყავი, პირიქით, ლექციებსაც ხშირად ვაცდენდი - მეორე კურსიდან „საზოგადოებრივ მაუწყებელზე", „მოამბეში" დავიწყე სტაჟიორად მუშაობა და სწავლის პარალელურად მთელი ორი წელი პრაქტიკაში ვსწავლობდი იმასაც, რასაც უნივერსიტეტში თეორიულად ხსნიდნენ.


პროფესია  

 

ჩემი ოჯახის წევრების შემდეგ ჩემი პროფესია მიყვარს. ჩემი საქმე ჩემი ჰობია - მისგან იმხელა სიამოვნებას და ადრენალინს ვიღებ... არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მომენტი, რომ მენანოს ჩემი არჩევანი. პირიქით უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ არავინ ჩაერია და არ გადამაფიქრებინა. აი, ხომ არის რაღაც შენი, ჰოდა, ეს ჩემი არის ჩემი პროფესია. ჭკუიდან მშლის ნებისმიერი ჟურნალისტის შეურაცხყოფა. ყოვლისმცოდნეები ჟურნალისტებს რომ აწმენდენ ხელებს, პირად შეურაცხყოფად აღვიქვამ. დღეს რომ შემეძლოს არჩევანის თავიდან გაკეთება, არაფერს შევცვლიდი, ზუსტად იმავე გზას გავივლიდი. ერთადერთი, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეიძლება, კარგი მასწავლებელი გამოვსულიყავი, მაგრამ არა ქართველი ბავშვებისთვის - აი, სომალიში ან სადმე მსგავს, ღმერთისგან დავიწყებულ ადგილებში სიამოვნებით გავუნაწილებდი ბავშვს იმას, რაც ვიცი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ  ამისთვის დრო ჯერ კიდევ მაქვს.


სიყვარული

 

სულ შეყვარებული ვარ, საბავშვო ბაღიდან. პირველად, ,,სერიოზულად" სკოლაში მიყვარდა - და ათი წელი რომ არ გიყვარს ის დღე, როდესაც ის გაკვეთილს აცდენს, სხვა თუ არაფერი, ბავშვური სიყვარული მაინც ხომ არის, - მაგრამ მას ჩემი დაქალი უყვარდა. სულ ვიღაც მომწონდა. არ ვფიქრობ, რომ ნამდვილი სიყვარული ერთხელ მოდის. რამდენჯერაც მოდის, იმდენჯერ არის ნამდვილი. როცა არ გიყვარს, ცარიელი ხარ.


ჩემი მეუღლე თორნიკე ჟურნალისტია. „მზეში" მუშაობდა, მე - „მოამბეში". გადაღებებზე გავიცანით ერთმანეთი. დაახლოებით ორი თვე მწერდა და სულ სადღაც მეპატიჟებოდა, ერთხელაც იფიქრა, დღესაც თუ იტყვის უარს და არ წამოვა, საერთოდ აღარ მივწერო და იმ დღეს მე რატომღაც უარი აღარ ვუთხარი. მსოფლიოში ყველაზე არარომანტიკულ ფილმზე დამპატიჟა და ორი საათი მაყურებინა, როგორ იკლავდნენ ადამიანები თავებს. თუმცა, სახლში დაბრუნებულმა უკვე ვიცოდი, რომ  მისი ცოლი გავხდებოდი და აი, უკვე ცხრა წელია ერთად ვართ.  უკაცრიელ კუნძულზე რომ მოვხდეთ და მითხრან, ერთადერთი ადამიანი ვინ არის, ვინც გინდა აქ იყოსო, თორნიკეზე ვიტყვი, იმიტომ რომ ის არის მეორე მე. სხვანაირი მეა, რადიკალურად განსხვავებული ჩემგან, მაგრამ ზუსტად ის არის, რაც მჭირდება ბედნიერებისთვის. შემიძლია არაფერი ვთქვა და იცოდეს, რას ვფიქრობ. არ უყვარს, როდესაც მასზე ვლაპარაკობ, ამიტომ მხოლოდ იმისაც ვიტყვი, რომ საუკეთესო მეუღლე და მამაა. აი, ადამიანებს ხომ ეშინიათ ხოლმე სიბერის - მე მასთან ერთად დაბერების პერსპექტივა ბედნიერს მხდის. ასჯერ რომ დავიბადო, ასჯერვე მას ვისურვებდი მეორე ნახევრად.


ეკა წივწივაძე და შემოქმედება

 

ვცეკვავ „ნოკიას" ზარზეც  - ასე მაფასებენ ჩემი მეგობრები. მუსიკა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. წლები რომ მემატება, სიმფონიური ორკესტრის მოსმენაც დავიწყე, მაგრამ ნებისმიერ მუსიკაზე შემიძლია ვიცეკვო. სხვა მხრივ უნიჭო ვარ. სიმღერებს ლექსად თუ ვიტყვი და ხატვისგანაც ჯობს თავი შევიკავო. წერა მიყვარს, რომ არ მიყვარდეს, ალბათ, ეს უფრო გასაკვირი იქნება. როდესაც აქტიურ ჟურნალისტიკას თავს დავანებებ, წავალ ჩემს აგარაკზე, მთაში, იქ დავსახლდები და აუცილებლად ბევრს დავწერ. აი, ასეთი გეგმები მაქვს სამომავლოდ.


ჟურნალისტური ინტრიგები

 

აი, ხომ სულ ამბობენ ხოლმე, ჟურნალისტიკაში რა არ ხდება, ტელევიზიაში ვინმემ ოღონდ ფეხი წამოგიდოს და ასე შემდეგ... გული ბევრჯერ მტკენია, მაგრამ ამას ინტრიგებს ვერ დავარქმევ. ვთვლი, რომ გამიმართლა. ყოველთვის კარგი გუნდის წევრი ვიყავი. ჩამიწერია ფარულად და მინანია, გადავმძვრალვარ ღობეებზე, როდესაც კარები არ გაუხსნიათ პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით, მაგრამ ისეთი სიუჟეტი არასდროს გამიკეთებია და ისეთი სტატია არ დამიწერია, რომლისაც ახლა შემრცხვებოდა. როდესაც ვგრძნობ, რომ „აქ" ჩემი ადგილი არ არის, ყოველთვის მივდივარ და საბედნიეროდ, სახლში არასდროს. ქრონიკულად დასვენების ნაკლებობას განვიცდი, მაგრამ ერთი დღე რომ სახლში დავრჩე ზედმეტად, დეპრესია დამემართება. ამიტომ ერთი სამსახურიდან მეორეში ყოველთვის შესვენების გარეშე მეორე დღიდანვე გადავდივარ.


მისაბაძი ჟურნალისტი

 

მისაბაძი ჟურნალისტი არ მყავს. არ მინდა, ვინმესნაირი გავხდე. იმიტომ რომ, ვფიქრობ, ჟურნალისტური ალღოც და საქმის ცოდნაც კარგი მაქვს, რაც მაკლია, იმას აუცილებლად დავაშენებ და ჩემით ვისწავლი. მაგრამ ვამაყობ, რომ საქართველოს ჰყავს ქეთი ქარდავასნაირი ჟურნალისტი. ქეთი ჩემი პროდიუსერი იყო „მოამბეში" და ამ გადასახედიდან ვხედავ, რამდენი იმუშავა მანაც თავის თავზე, რომ ამ დონისთვის მიეღწია. ჩემთვის საქართელოში ის ნომერ პირველია. 


კარიერა - პირველი სამსახური, ხელფასი...

 

„202"  - იყო ასეთი არხი და იქ იყო საინფორმაციო გამოშვება. „202"-ში 17 წლის მიმიყვანა ჩემმა მეგობარმა ირაკლი კოპალიანმა და დალი გოგოლაძეს ჩამაბარა, ახლა ქალბატონი დალი ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურს ხელმძღვანელობს. მესამე დღეს გამიშვა მარტო გადაღებაზე. „დივიკამის" მაშინდელი კასეტა შენახული მაქვს. 11 წელზე მეტი გავიდა მგონი და ჩემი ტექსტი რომ ჩაიკითხა და კარგიაო,  მითხრა  - ის განცდა, რაც დამეუფლა, ახლაც მახსოვს. ორი თვეც არ ვყოფილვარ „202"-ში, რადგან ჩემი მისვლიდან მალევე დაიხურა მაგრამ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გაჩერებაა. წელიწადი და 8 თვე ვიყავი „მოამბის" სტაჟიორი და იქ ალბათ ბევრს საერთოდ დავიწყებულიც ჰქონდა, რომ მე ხელფასს არ ვიღებდი. დილით როგორც ყველა, ისე მივდიოდი, ჩვეულებრივად ვმორიგეობდი და ღამით ჩვეულებრივ, როგორც ყველა, ისე ვამთავრებდი, თუმცა, არასდროს დამწყვეტია გული, რომ ორი წელი უხელფასოდ ვიმუშავე. ცოდნა, რაც იქ მივიღე, შეუფასებელია. ამას წიგნებით ვერ ისწავლი. პარალელურად სულ სადღაც ვწერდი და ჰონორარები სულ მქონდა. წერა ისე ადრეულ ასაკში დავიწყე, ტელევიზიამდე. ასე რომ, სიმართლე გითხრათ - პირველი ხელფასი არც მახსოვს.


პოლიტიკა

 

არ მიყვარს პოლიტიკა. ყველაზე კარგი არჩევანი მაშინ გავაკეთე, პოლიტიკური ჟურნალისტიკიდან განათლების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი რომ გავხდი. არასდროს ვმეგობრობ პოლიტიკოსებთან და არ ვაფასებ ჟურნალისტებს, რომლებსაც პოლიტიკოსებთან ფამილარული დამოკიდებულება აქვთ. ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იტყვის, რომ ვინმესთან ყავა დამილევია ან ანეკდოტი მომისმენია. სულ ვცდილობ, ჩემი რესპონდენტები იყვნენ მხოლოდ ჩემი რესპონდენტები.  არასდროს მავიწყდება 26 მაისის საშინელი ღამე, იმიტომ რომ მთელი ღამე იქ ვიყავი და ჯერ კინო „რუსთაველიდან" ვიღებდი კადრებს და შემდეგ როდესაც შენობაში ხალხი და სპეცრაზმი ერთად შემოცვივდა  - ეს იყო ჯოჯოხეთი მიწაზე.


და კიდევ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დეკრეტული შვებულებიდან გამოსული რომ დამინახა, ათობით ჟურნალისტის თვალწინ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჩემი შვილის სქესით დაინტერესდა. მე და ბატონ ბიძინას, როგორც მოქალაქეებს, ქვეყნის განვითარების ერთნაირი ხედვები არ გვაქვს, არაერთხელ დამისვამს მისთვის მწვავე კითხვა და მის გამო ჩემს ოჯახს პრობლემებიც არაერთი შეხვდა, მაგრამ როდესაც ქვეყნის პრემიერი ამჩნევს რომ შენ რაღაც პერიოდი აღარ მუშაობ და შემდეგ ბრუნდები, შენი ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდება და ახსოვს, რომ პატარა უნდა გაგეჩინა - ე. ი. არ ხარ ის ჟურნალისტი, ვინც მასალებს სხვის დასმულ კითხვებზე ამზადებს.


შექება და კრიტიკა

 

შეიძლება, ბავშვურად ჟღერდეს, მაგრამ როდესაც რაღაცას ვაკეთებ და ამას აფასებენ, ეს სტიმულს მაძლევს - ორჯერ მეტი გავაკეთო - ორჯერაც და ოცჯერაც. ამიტომ ხშირად თვითონ ვაქებ ჩემს თავს. რა თქმა უნდა, როდესაც ვიმსახურებ. კრიტიკა მკლავს, თუ ვიცი, რომ კრიტიკა უსაფუძლოა, მაინც მკლავს. ამიტომაც ძალიან მომწონს სიტყვა რეკომენდაცია. ვიღებ ყველა სახის რეკომენდაციას და ნებისმიერი ადამიანისგან. კრიტიკაზე კი აგრესიული ვხდები. ვებრძვი ჩემში ამ თვისებას, მაგრამ ჯერ ვერ ვიმარჯვებ.


რას ნანობთ?

 

ვნანობ, რომ სანამ მყავდა, სათანადოდ ვერ გავუფრთხილდი ჩემს ბებოს და ვნანობ, რომ მასთან ერთად დასრულდა ჩემი ბავშვობა. ახლა რომ დროის დაბრუნება შემეძლოს, უფრო მეტ დროს გავატარებდი მასთან. ზოგადად ბევრს არაფერს ვნანობ. ვნანობ, რომ ჩემს ცხოვრებაში შემომიშვია ადამიანები და მიმიცია გულისტკენის მიზეზი, მაგრამ ესეც ალბათ რაღაცისთვის იყო საჭირო. საბედნიეროდ, ისეთი მნიშვნელოვანი სანანებელი ცხოვრებაში ჯერ არ ჩამიდენია და იმედი მაქვს, არც ჩავიდენ.


რა აკლიათ დღეს ადამიანებს?


დრო აკლიათ, რწმენა ხვალინდელი დღის, ბედნიერების დანახვა უბრალო დეტალებში, დილით ჩაის სმა გამჭვირვალე ჭიქებიდან და გაზაფხულამდე დღეების დათვლა ცივ ზამთარში. სიკეთის კეთების სურვილი აკლიათ, წიგნების კითხვის სურვილი,  საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების უნარი აკლიათ და კიდევ ბევრი რამ... მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სხვები უნდა განსაჯოს.

 

ვინ არის ეკა წივწივაძე დღეს?

 

ეკა წივწივაძე დედა, რომელსაც შვილი ბაღში „დაუკარგეს" და ხუთ წამში თვითმკვლელობაზე ფიქრობდა.  საუკეთესო მეორე ნახევრის საუკეთესო მეორე ნახევარი, მგონი, ცუდი შვილი არ უნდა ვიყო. სამაგიეროდ, ვიცი, რომ კარგი და ვარ - მსოფლიოში საუკეთესო დის. ვარ ერთგული მეგობარი და არაკონტაქტური მეზობელი. უკვე ოთხი თვეა ვცდილობ, ვიყო  საინფორმაციო სამსახურის კარგი უფროსი ძალიან ძალიან პერსპექტიული ქვემო ქართლის ტელევიზიის. რამდენად გამომდის, ჩემი შესაფასებელი არ არის, თუმცა, ვცდილობ, ჩემი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი ცოდნა, თუ როგორი არ უნდა იყოს უფროსი - ჩემს თავზე მოვირგო და სხვისი შეცდომები არ დავუშვა.




 

big_banner
არქივი