logo_geo
სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 4 პირს პატიმრობა შეუფარდეს
- +

7 აპრილი. 2024. 20:01

სამტრედიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეუფარდეს.  მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - მათგან ერთს მკვლელობას, სამს კი ჯგუფურ ძალადობასა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.

 

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მოკლული მამაკაცის მეუღლეს წარედგინა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული სამმა პირმა, კერძოდ მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს. აღნიშნულის შესახებ ნაცემი მამაკაცი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას აპირებდა, რის გამოც მეუღლის ძმამ მას მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

 

შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა, მათ შორის მოკლულის მეუღლემ მომხდარის თაობაზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიწოდეს. გარდაცვლილის მეუღლემ პირველ ჩვენებაში მის მიერ არჩადენილი დანაშაული - მეუღლის მკვლელობა დაიბრალა და თავად აღიარა.სამართალდამცავებმა, მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, 4 პირი 5 აპრილს დააკავეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ორ პირს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) და 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე), ხოლო კიდევ ერთ პირს - ასევე 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

big_banner
არქივი