logo_geo
1944 წლის 23 თებერვალს ოლეგ იანკოვსკი დაიბადა
- +

23 თებერვალი. 2019. 15:51

 

 

„მივხვდი, რაშია თქვენი უბედურება: მეტისმეტად სერიოზულები ხართ. ჭკვიანური სახე - ჯერ კიდევ არ არის ჭკუის მაჩვენებელი, ბატონებო. ქვეყნად ყველა სისულელე სწორედ მასეთი სახით კეთდება.

გაიღიმეთ, ბატონებო! გაიღიმეთ!“

 

ეს ჩვენი საყვარელი მიუნჰაუზენის ცნობილი „შეგონებაა“...

 

1944 წლის 23 თებერვალს დაიბადა თეატრის, კინოს და ტელევიზიის უკვე ლეგენდად ქცეული მსახიობი, კინორეჟისორი, მრავალი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი, ცნობილი „ლენკომის“ დაუვიწყარი სახე და უკანასკნელი სსრკ სახალხო არტისტი ოლეგ იანკოვსკი. გავიხსენოთ რამდენიმე ფილმი: „ფარი და მახვილი“, „სარკე“, „ჩემი ალერსიანი და ნაზი მხეცი“, „ჩვეულებრივი სასწაული“, „ნოსტალგია“, ბოლო ფილმი „ხელმწიფე“ და მიტროპოლიტი ფილიპის სასწაული სახე. მიუხედავად უამრავი როლისა, ყველაზე მეტად მაინც მიუნჰაუზენი უყვარდა, ალბათ იმიტომ, რომ პატივცემული ბარონი მასავით კეთილი და იუმორზე აუცრელი იყო, თავად კი ნამდვილად არ იყო ბარონივით „ქოსატყუილა“. ახლა რაც შეეხება „ლენკომს“ - ყველა საუკეთესო სპექტაკლში მისი ბრწყინვალება იანკოვსკი თამაშობდა. გადახედეთ ამ დიდი არტისტის შემოქმედებას და დარწმუნდებით, რომ მის მიერ შექმნილი ყველა სახე შედევრია, რადგან როლებს კი არ თამაშობდა, უბრალოდ, თავისი გმირების სხეულში „ბარგდებოდა“ ხოლმე და მათი განცდებით ცხოვრობდა. მის მოგონებებს რომ ვკითხულობ, ემოციები მახრჩობს... ერთგან წერს, თუ ჩემი გმირი შეყვარებულია, მეც მასთან ერთად ვიწვი, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი, რომ კადრმა და მაყურებელმა შენი ემოცია დაიჭიროს და ირწმუნოსო... ოლეგ იანკოვსკი სიცოცხლის ბოლომდე თავდაუზოგავად „იწვოდა“. ბოლო დროს ყველა ატყობდა, რომ „ლენკომის“ სცენიდან ხმის ჩახლეჩამდე მისი ძახილი „მშვიდობით, მივდივარ“ - სხვა არაფერი იყო, თუ არა დამშვიდობება... ყველამ იცოდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ როლის შესრულება, ეს სულ სხვა ხმა და თვალები იყო, რომლებშიც ბედისგან განწირული ადამიანის ნაღველი და ტკივილი იდო. იგრძნობოდა, რომ მის უკან სიკვდილი იდგა და მსახიობი შეგნებულად ემშვიდობებოდა თეატრს, მაყურებელს, სიცოცხლეს და პირველ რიგში კი მის უსაყვარლეს მეუღლეს ლუდოჩკას, რომელმაც „კეთილისმსურველი“ ხმების მიუხედავად, ბოლომდე გაუგო და მასთან ერთად „იწვოდა“. ბოლოს ისევ კაცმა გასცა ქვას-რომ-გახეთქავდა ისეთი პასუხი ყველა „გულდათუთქულს“, იცოდეთ, იანკოვსკები ერთხელ და სამუდამოდ ვქორწინდებითო... ერთი საბედისწერო „ნაკლი“ ჰქონდა, ბევრს ეწეოდა და სწორედ ეგ მოერია და „ოხერი“ მიუგზავნა, რომელიც, თორმეტგოჯაში ჩაბუდებული, მალე მთელ სხეულს მოედო და ბოლომდე დაწვა... და ერთ პასაჟსაც გავიხსენებ. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მას ვოლანდის როლი შესთავაზეს „ოსტატ და მარგარიტაში“, რაზეც გენიალურმა იანკოვსკიმ გენიალური უარი განაცხადა: „არ ვიცი, ეს როგორ უნდა ვითამაშო. თუ მკითხავთ, არ შეიძლება არც ეშმაკისეულის და არც თვით უფალი ღმერთის თამაში, მათ არ უნდა შეეხო... სტალინის თამაშზე კი უარი იმიტომ განვაცხადე, რომ მსახიობისთვის შეუძლებელია იმ ადამიანის განსახიერება, რომელსაც არ თანაუგრძნობს“.

 

66 წლის ოლეგ იანკოვსკი გარდაიცვალა 2009 წელს. იმ დღეს ცა გადაიხსნა, ისე წვიმდა, მაგრამ, ამბობენ, რომ როდესაც მისი სასახლე თეატრიდან გამოასვენეს, მოსკოვის თავზე დიდი ცისარტყელა გამოისახა... უდიდესი მსახიობი ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი