logo_geo
1932 წლის 27 თებერვალს ელიზაბეტ ტეილორი დაიბადა
- +

27 თებერვალი. 2019. 14:06

 

 

თუ გინახავთ ქალი, რომელსაც ლურჯი თვალები აქვს, ცოტა ლავანდის, ანუ მოიასამნისფრო ფერი რომ გადაჰკრავს და თანაც ყველა სხვისგან განსხვავებით, წამწამები ერთ რიგად კი არა, ორ რიგად ეზრდება? თანაც დედოფალივით მიხვრა-მოხვრა დაყვება... ძალიან ნიჭიერია, გულღია, ბავშვივით გულწრფელი, კეთილშობილი, ბოლომდე ერთგული, იუმორით დაჯილდოებული, 3-ჯერ „ოსკაროსანი“ და 8-ჯერ დაქორწინებული?

 

რა თქმა უნდა, ეს საოცარი ქალბატონი ყველას გვინახავს, მაგრამ მხოლოდ დიდ ეკრანებზე...

 

მე მაგალითად, მასში ისედაც შეყვარებული ვიყავი, მხოლოდ როლებიდან გამომდინარე და იმდენი რამე მაქვს მასზე წაკითხული, რომ ბოლომდე მის თაყვანისმცემელად ვრჩები...

 

სწორედ ამ დღეს, 1932 წლის 27 თებერვალს, ლონდონში, მსახიობების - ირლანდიელი ფრენსის ტეილორის და ებრაელი სარა ვიოლა ვომბროდტის ოჯახში დაიბადა ელიზაბეტ როუზმონდ ტეილორი... თავის თავზე ჰყვებოდა -

 

„მე ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ვარ! თუმცა ფეხები ცოტა მოკლე მაქვს. ტერფები ზედმეტად გრძელი, თეძოები კი განიერი... ზოგჯერ ღაბაბი მიჩნდება, როცა წონაში ვიმატებ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, შეიძლება იყო მსუქანი და მაინც საშინლად მიმზიდველი, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შენ თვითონ როგორ აფასებ საკუთარ თავს“...

 

სხვათაშორის, ელიზაბეტ ტეილორი ჰყვებოდა, რომ როდესაც მორიგ დიეტაზე ჯდებოდა ხოლმე, მაცივარზე კიდებდა საკუთარ ფოტოს და რომ მიიპარებოდა ხოლმე მაცივართან, თავისი თავი ხვდებოდა, რცხვენოდა და უკან ბრუნდებოდა მშიერი.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს, ტეილორების ოჯახი გადასახლდა ამერიკაში...

 

ლიზ ტეილორმა თავისი კინოკარიერა დაიწყო ძალიან ადრე, 9 წლის ასაკში, როდესაც შეასრულა როლი ფილმში „ეროვნული ხავერდი“, რომელიც ცხენის და ადამიანის სიყვარულის ისტორიაზე იყო შექმნილი, ყველა, ვინც კი გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა, აღნიშნავდა, რომ ასეთი გულწრფელი შესრულება 9 წლის ბავშვისგან წარმოუდგენელი იყო... საქმე კი იმაში გახლდათ, რომ ლიზ ტეილორი არ თამაშობდა... ის ბავშვობიდან გამოირჩეოდა ცხოველებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით...

 

3 წლის ასაკში უკვე საკუთარ პონის, ბერტის უვლიდა... მთელი ცხოვრება კი, მის აპარტამენტებში ფუფუნებაში ატარებდნენ დროს ჯიშიანი და მთლად ქუჩაში ნაპოვნი კატები, ძაღლები, ზღვის გოჭები, კუები და ბეკეკები... შემდგომში კი მაიმუნიც შემოემატათ, თანაც, „ნაღდი აფრიკელი“.

 

ცხოვრების ბოლოს, ელიზაბეტ ტეილორს ჰყავდა მალტიური ბალონკა, სახელად Sugar, რომელიც ყველგან თან ახლდა. ლიზი ამბობდა - „მე არასდროს არ მყვარებია არცერთი ძაღლი ასე ძალიან. მე მგონი, ძაღლი კი არა, ადამიანიაო“...

 

მის წარმატებულ დებიუტს მოჰყვა სხვა როლებიც, მაგრამ მათში უმეტეს შემთხვევაში აქცენტს აკეთებდნენ მის გარეგნობაზე...

 

ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, როდესაც მან შეასრულა ანჟელა ვიკერსის როლი ფილმში „ადგილი მზის ქვეშ“, რომელიც გადაღებული იყო თ. დრაიზერის ცნობილი რომანის „ამერიკული ტრაგედიის“ მიხედვით“. სხვათაშორის, ეს ფილმი შესულია აშშ ეროვნული ფილმების რეესტრში...

 

ამ ფილმს მოჰყვა ასევე რეესტრში შეტანილი ფილმი „გიგანტი“, რომელშიც ტეილორს პარტნიორობას უწევდა საოცარი ჯეიმს დინი... ის გარდაიცვალა 24 წლის ასაკში, ავარიაში, თორემ, დარწმუნებული ვარ, დღეს ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობად იქნებოდა აღიარებული...

 

1958 წელს ტენესი უილიამსის სცენარზე დაწერილ ფილმში „კატა გავარვარებულ სახურავზე“ , ლიზ ტეილორთან დუეტში მონაწილეობდა ცისფერთვალება პოლ ნიუმენი. ფილმი „ოსკარის“ 6 კატეგორიაში ნომინანტი გახდა.....

 

ამ დროს, 1958 წელს ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა 26 წლის ელიზაბეტის იმ დროისთვის უკვე მე-3 მეუღლე, კინოპროდიუსერი მაიკლ ტოდი...

 

1959 წელს ის ცოლად გაჰყვა პოპულარულ მომღერალ ედი ფიშერს...

 

და სწორედ მაშინ მოუვიდა რეჟისორ ჯოზეფ მანკევიჩისგან შეთავაზება - მთავარ როლზე ფილმში „კლეოპატრა“, რომელიც დღემდე ითვლება ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ფილმად. მისი გადაღება მიმდინარეობდა 4 წლის განმავლობაში, ხოლო ელიზაბეტ ტეილორი გახდა პირველი მსახიობი, ვინც როლისთვის 7 მილიონი დოლარი მიიღო...

 

როდესაც მას დიდი ხნის შემდეგ ეკითხებოდნენ -„რა არის თქვენი 7 მილიონი იმ 20-თან შედარებით, რომელსაც დღეს ჯულია რობერტსი იღებსო?“, ეღიმებოდა და პასუხობდა „ჯერ ერთი, მე პირველი ვიყავი და მეორეც - ინფლაციაო“.

 

სწორედ „კლეოპატრას“ გადაღების დროს... უფრო ზუსტად კი, კლეოპატრას და მარკ ანტონიუსის პირველი კოცნისას, დაიწყო ელიზაბეტ ტეილორის და რიჩარდ ბარტონის რომანი, რომელმაც ააფეთქა მთელი მსოფლიო!!!

 

მათი სიყვარული მართლა რაღაცა სასწაული იყო... ორივე ლამაზი და ნიჭიერი, ძლიერი და მესაკუთრე, სრულიად დაუოკებელი ვნებებით... ზოგჯერ ერთმანეთს ყველაფერს პატიობდნენ და ზოგჯერ უმნიშვნელო რაღაცებზე შორდებოდნენ...

 

1964 წელს მათ, როგორც იქნა, იქორწინეს...

რიჩარდი ელიზაბეტს აღმერთებდა...

 

ერთხელ ისიც კი შეძლო, რომ აჯობა თავად ონასისს და დაასწრო ყველაზე დიდი ბრილიანტის მქონე ბეჭდის ყიდვა...

 

ელიზაბეტს ძალიან უყვარდა სამკაულები, მაგრამ ასეთ რამეს მაინც არ მოელოდა...

ბარტონმა კი განუცხადა - „ვინ არის ჟაკლინ კენედი, რომ შენზე ლამაზი ბეჭედი ეკეთოსო?“...

 

ერთხელ კი, ბარტონმა ელიზაბეტს აჩუქა მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი მარგალიტი, სახელად „მოხეტიალე“, რომლიც ძალიან წვრილ ძეწკვზე ეკიდა და ერთ დილას ელიზაბეტმა შეამჩნია, რომ დაეკარგა... მთელი დღე ეძებდა და ბოლოს მისი ერთ-ერთი  ძაღლი შემოვიდა ოთახში და ლიზმა დაინახა, რომ კბილებში მარგალიტი ეკავა...მიუტანა პატრონს და ფეხებთან დაუდო... წარმოიდგინეთ, არც გაუკაწრავს... ელიზაბეტი ხუმრობდა - „გამომართვა, ცოტა გაიპრანჭა და დამიბრუნა, მაგრამ ძეწკვი დაიტოვაო“.

 

სამწუხაროდ, ლიზი და რიჩარდი 1974 წელს ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ძალიან მტკივნეულად, რადგანაც ორივეს ერთმანეთი უყვარდა... ეტყობა ძლიერ ემოციებს და კონკურენციას ყველა დიდხანს ვერ უძლებს...

 

სწორედ მაშინ ელიზაბეტთან მივიდა ჟურნალისტი, ინტერვიუს ასაღებად და შეეკითხა - „კიდევ ხომ არ აპირებთ გათხოვებასო?“

 

ლიზიმ ბევრი იცინა... შემდეგ კი ჟურნალისტს უთხრა - „ნუთუ არსებობს ამქვეყნად ქალი, რომელიც 6-ჯერ გათხოვილა? თუ არსებობს, მითხარით მისი ტელეფონი, დავურეკავ და გავიცნობო“...

 

7 თვეში ელიზაბეტ ტეილორი გათხოვდა მეექვსედ, ისევ ბარტონზე...

 

ჟურნალისტს კი, იუმორის კარგი გრძნობა ჰქონია... დაურეკა ლიზს და უთხრა - 6-ჯერ გათხოვილი ქალის ტელეფონი გიკარნახოთ თუ ისედაც იცითო“?

 

სამწუხაროდ. ლიზის და რიჩარდის მეორე ქორწინება, რომელიც მათ აფრიკაში დააკანონეს, კიდევ უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა...

 

ლიზის მე-6 მეუღლე (ორ რიჩარდ ბარტონს ერთ ცალად ვთვლი) იყო სენატორი ჯონ უორნერი, რომელმაც რატომღაც აუკრძალა იასამნისფერი კაბების ტარება...

 

მე-7 და ბოლო მეუღლე კი გახლდათ მძღოლი, ლარი ფონტენსკი... ლიზი იყო 59, ლარი კი, 39 წლის... მათ ერთმანეთი გაიცნეს კლინიკაში სადაც მკურნალობდნენ ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან... მათი ქორწინება 5 წელი გრძელდებოდა...

 

ბუნებრივია, ამ პოსტის წაკითხვისას, ბევრი ელიზაბეტის 8 ქორწინებას ვერ გაამართლებს... მეც ადრე მიჭირდა გამეგო, მაგრამ მერე მისი საოცარი სიტყვები წავიკითხე - „ სავარაუდოდ, ზოგი მე მსუბუქი ყოფაქცევის ქალად მთვლის, მაგრამ მე რომანტიკული ურთიერთობები მხოლოდ ქმრებთან მქონია... აბა, ქალებო, გამოტყდით, რამდენმა შეგიძლიათ ამით დაიტრაბახოთ?“

 

ელიზაბეტი ძალიან აფასებდა ადამიანურ ურთიერთობებს... მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო მაიკლ ჯექსონი, რომლის შვილების ნათლიაც გახდა...

 

მათი ნაცნობობა იმით დაიწყო, რომ მაიკლმა ლიზი თავის კონცერტზე მიიწვია, მაგრამ ლიზიმ მოედანზე შეკრებილ ამდენ ხალხში და ორომტრიალში, მაიკლი საერთოდ ვერ დაინახა, კინაღამ დაყრუვდა ხმამაღალი მუსიკისგან და გაიპარა სახლში...

 

მეორე დღეს მაიკლმა დაურეკა და გულნატკენმა ჰკითხა - „რატომ წახვედით, არ მოგეწონათ?“

 

ისინი ერთმანეთს კაფეში შეხვდნენ და პირველივე შეხვედრიდან დამეგობრდნენ... როდესაც მაიკლი ცუდ რაღაცებში დაადანაშაულეს, ელიზაბეტი ბოლომდე გვერდში ედგა, ამხნევებდა და ყველგან იძახდა, რომ მაიკლი იმდენად სუფთა ადამიანია და ისეთი ბავშვის გული აქვს, რომ ვერაფერს ცუდს ვერ გააკეთებდაო...

 

ბოლოს ცნობილმა წამყვანმა ლარი კინგმა, რომელიც ოპრა უინფრისგან განსხვავებით, უფრო უხეში და ოდნავ ნაკლებად დელიკატური იყო, ელიზაბეტი მიიწვია თავის გადაცემაში და პირდაპირ დაუსვა შეკითხვა... „როგორ გგონია, ლიზ, პატარა ბიჭი როცა ჰყვება, რომ მაიკლთან ერთ საწოლში იწვა, იტყუება?“ ლიზმა კი უპასუხა - „მაიკლთან ერთ საწოლში მეც ვიწექი და იცი, რას ვაკეთებდით? - დისნეის მულტფილმებს ვუყურებდით და სიცილით ვკვდებოდითო“...

 

კიდევ ერთი საინტერესო ისტორია...

 

1961 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ჩარჩოებში, კრემლში გამართულ მიღებაზე, ელიზაბეტ ტეილორი და ჯინა ლოლობრიჯიდა ყველასგან მოულოდნელად, მივიდნენ ზუსტად ერთნაირი კაბებით, ივ სენ-ლორანისგან... განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ჯინას წელზე ცისფერი სარტყელი ერტყა, ლიზს კი - წითელი...

 

ელიზაბეტი, რომელიც ჯინას შეეჯახა, პირველი მოვიდა გონზე და მთელი საღამო ისე წაიყვანა, რომ ჯინას არ მოსცილებოდა... ჟურნალისტების უდიდესმა ნაწილმა დაიჯერა, რომ ეს ღრმა ჩანაფიქრი იყო... მერე კი აღმოჩნდა, რომ ივ სენ-ლორანმა ეს ექსკლუზიური მოდელი შექმნა ელიზაბეტ ტეილორისთვის... ჯინა ლოლობრიჯიდამ კი სადღაც არაოფიციალურად იშოვა კაბის თარგი... სხვათაშორის, მსგავსი ბრალდება ჯინას მიმართ პირველი არ ყოფილა...

 

ელიზაბეტმა ჯინას ეს ქალური სისუსტე აპატია... საერთოდ, გულში დიდი ხნით გაბრაზების შენახვა არ შეეძლო... და, რაც მთავარია, შური რა იყო, საერთოდ არ იცოდა...

 

მას საოცრად უყვარდა ოდრი ჰეპბერნი და უფრო მეტიც, აღფრთოვანებული იყო მისი ნიჭით და ადამიანობით... ოდრის „მშვენიერ ანგელოზს“ ეძახდა...

 

ბევრმა არ იცის, რომ „რომაულ არდადეგებში“ ოდრიმ შეცვალა ელიზაბეტი, რომელიც ბოლო მომენტში პროექტიდან გავიდა... თავიდან ოდრის აღიქვამდნენ მხოლოდ როგორც ლიზის დუბლიორს... ფილმის ტიტრებში და აფიშებზე მისი გვარიც კი პატარა ასოებით ჩაწერეს, მაგრამ გრეგორი პეკმა ეს „შეცდომა“ უცებ გამოასწორა... ელიზაბეტ ტეილორი კი პირველი იყო, ვინც მიულოცა ოდრის უდიდესი წარმატება...

 

ელიზაბეტ ტეილორი ბუნებით ოპტიმისტი იყო... მუდამ გაღიმებული და სხვისი გამამხნევებელი...

 

ძალიან ცოტა ვინმემ იცოდა, თუ რა სერიოზული პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და რამდენი ურთულესი ოპერაცია გადაიტანა...

 

რომ წავიკითხე, საკუთარ თვალებს არ დავუჯერე...

 

იცით, გადავწყვიტე, რომ არ გაგიმხელთ...

 

სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ, ელიზაბეტმა განაცხადა - „იყო მხოლოდ ელიზაბეტ ტეილორი, - მოსაწყენია!“ და დაიწყო საქველმოქმედო მოღვაწეობა. სწორედ მან შექმნა შიდსთან ბრძოლის პირველი სართაშორისო საქველმოქმედო ფონდი...

 

თავისუფალ დროს კი 4 შვილთან, 10 შვილიშვილთან და სამ შვილთაშვილთან ატარებდა...

 

75 წლის იუბილე ლიზ ტეილორმა გადაიხადა აუზში ზვიგენებთან ერთად... (ზვიგენები, რა თქმა უნდა, გალიაში დაცურავდნენ)... თანაც ისე ახლოს მიცურავდა გალიასთან, რომ მწვრთნელისგან შენიშვნებს იღებდა...

 

არადა, ჩვეულებრივი ზვიგენები რას უზამდნენ, ჰოლივუდის ზვიგენები თუ ვერა და ვერ მორივნენ?

 

ელიზაბეტ ტეილორი გარდაიცვალა 79 წლის ასაკში, გულის უკმარისობით...

ის დაასაფლავეს კალიფორნიის ფორესტ-ლაუნის სასაფლაოზე, მაიკლ ჯექსონის, კლარკ გეიბლისა და უოლტ დისნეის გვერდით...

 

წარმოიდგინეთ, თავისთვის წინაწარ ეპიტაფიაც კი გაამზადა -

 

„აქ განისვენებს ელიზაბეტ ტეილორი. მადლობელი ვარ ყოველი წუთისთვის!“

 

ამ შესანიშნავმა ქალბატონმა მართლაც არაჩვეულებრივად საინტერესო და ლამაზი ცხოვრება განვლო... ბევრი არაკეთილისმსურველი ჰყავდა, მაგრამ ცდილობდა, ყველაფერში დაენახა სილამაზე და ბოლო წამამდე ბრძოლა არ შეუწყვეტია.

 

ბოლოს ხეიბრის სავარძელში იჯდა, საშინელ ტკივილებს იტანდა და ამბობდა - „უბრალოდ ცოტა ზურგი მაწუხებსო“...

 

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე კი იხუმრა -

„თქვენ ვერ მოესწრებით ჩემგან განცხადებას, რომ კიდევ ერთხელ არ გავთხოვდებიო!“

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი