logo_geo
ილია თოფურია: ჩემი ოცნება უნდა ამეხდინა, ჩემში ეჭვი არ მეპარებოდა
- +

24 მარტი. 2024. 20:42

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია აცხადებს, რომ სწორედ, საქართველოში დაიბადა მისი ოცნება, გამხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი. მან UFC-ში სატიტულო ბრძოლაზე დეტალურად  ისაუბრა.

 

„ისტორიული მომენტი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ერთმანეთს იმის გარდა არაფერს ვეუბნებოდით, რომ დავმტკბარიყავით მაგ მომენტით და ჩვენი მაქსიმუმი ჩაგვედო ბრძოლებში“, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ მან.

 

თოფურიამ ასევე განმარტა, რატომ გამოვიდა რინგზე სიმღერა Desperado-ს ფონზე.

 

„ჩვენთან სახლში ძალიან ხშირად ჟღერდა ეს სიმღერა, ჩემს მშობლებს უყვარდათ, ჩვენც შეგვაყვარეს და ყოველთვის ვიძახდი იმას, რომ ქამრისთვის, როდესაც ვიბრძოლებდი, მაგ სიმღერით გამოვიდოდი“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ თავს უკვე ჩემპიონად გრძნობდა.

 

„თავს უკვე გამარჯვებულად ვგრძნობდი, იმიტომ რომ ჩემი თავი მქონდა დაძლეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. როგორ შეუძლია ადამიანს დაგამარცხოს, როდესაც შენ თვითონ არ შეგიძლია შენი თავის დამარცხება? ის დღე რომ დადგა, ჩემი ოცნება რომ უნდა ამეხდინა, ჩემში ეჭვი არ მეპარებოდა, იმიტომ რომ ყველა დავალება შესრულებული მქონდა. ნერვიულობ, შიშითაც გეშინია. ოცნებები ის არ არის, რასაც ხედავ, როცა იძინებ. ეს არის ის, რაც არ გაძინებს“, - აცხადებს თოფურია.

 

მან თავის მეტოქესთან, ავსტრალიელ მებრძოლ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან საუბარიც გაიხსენა.

 

„ვოლკანოვსკი თვითონ მეუბნებოდა მაგას, ახლა დატკბი ქამრით, მერე ვეღარო. მე ვუთხარი - მგონი შენ უნდა დატკბე ბოლოჯერ ამ ქამრით, იმიტომ რომ ჩემი დროც მოვიდა, მეგობარო“, - ამბობს თოფურია.

 

 
big_banner
არქივი