logo_geo
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
- +

12 ოქტომბერი. 2023. 21:15

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ცნობით, სხდომაზე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა, მერიის წარმომადგენლებმა და სპორტული სამსახურების ხელმძღვანელებმა სპორტისა და ახალგაზრდობის კუთხით, მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

 



მომხსენებლებმა მუნიციპალიტეტებში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურაზე საუბართან ერთად, ყურადღება სპორტულ მიღწევებზე გაამახვილეს. საკითხის განხილვისას, გამომსვლელებმა არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს და ამ კუთხით საუბარი ახალგაზრდული ცენტრების არ არსებობას, არსებული სპორტული მოედნების და სტადიონების რეაბილიტაციას, მწვრთნელ-მასწავლებელთა დაბალ ანაზღაურებასა და მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული პროგრამების სიმცირეს შეეხო.

 



კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა - წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონი და მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანება დაათვალიერეს.

 



კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით,
კომიტეტის გასვლით სხდომაზე დეპუტატებმა სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების შესახებ, რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისგან არაერთი გამოწვევასა და საჭიროებაზე ინფორმაცია მოისმინეს.

 



"შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ არის საკითხები, რომლებიც შეგვიძლია კომიტეტის ფარგლებში გადავწყვიტოთ, მაგრამ ასევე არის ისეთი რიგის გამოწვევები, რომლებიც სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების ჩართულობას საჭიროებს. ჩვენ მზად ვართ აქტიურად გავაგრძელოთ კომუნიკაცია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და მაქსიმალურად სწრაფად აღმოვფხვრათ ეს გამოწვევები. რაც შეეხება წყალტუბოს სტადიონის მწვანე საფარს, ძალიან რთული სიტუაციაა სტადიონზე, სადაც სახელმწიფო თანხებია დახარჯული. ფაქტიურად წარმოუდგენელია სტადიონზე რაიმე შეჯიბრის და თამაშის ჩატარება. ქალაქს ჰყავს გუნდი, რომელიც უმაღლესი ლიგის საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის და სათამაშოდ სხვა ქალაქში დადის. ეს ნიშნავს, რომ არის სრული უყურადღებობა , შესაბამისს რეაგირებას მოვახდენთ და გადავგზავნით საგამომძიებო უწყებებში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა.

 



კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის წევრები ხვალ ქუთაისის სპორტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

big_banner
არქივი