logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენები რამდენიმე საათში ჩაერთვებიან
- +

22 აგვისტო. 2017. 12:04



შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენები რამდენიმე საათში ჩაერთვებიან.


„თურქული ვერტმფრენები საქართველოში დილით უამინდობის გამო ვერ გამოფრინდნენ, თუმცა ისინი უკვე ჰაერში არიან და რამდენიმე საათში ბათუმში იქნებიან, შემდეგ უკვე შემოუერთდებიან ადგილზე ჩვენს ავიაციას და მათთან ერთად გავაგრძელებთ ხანძრის ლოკალიზებას", - აღნიშნა მღებრიშვილმა.


მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ხანძრის ადგილზე საგანგაშო ვითარება არ არის.


„რა ინფორმაციასაც მაწვდიან შემთხვევის ადგილზე მყოფი ჩვენი თანამშრომლები, აალება ძლიერი არ არის. ადგილ-ადგილ შესაძლოა იყოს, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს. რაც მთავარია, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. დღეს დილიდან მობილიზებული გვყავს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი, რომელიც ჩაერთო ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში. ასევე მუშაობს სპეცტექნიკა. 3 კილომეტრი გზა გაიჭრა ტყეში, რათა სახანძრო მანქანები მიდგომოდნენ ხანძრის კერებს. მთელი ძალებით ვუტევთ ხანძარს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


რაც შეეხება ხანძრის გავრცელების საფრთხეებს, მინისტრის განცხადებით, „ამ ეტაპზე შეიძლება საფრთხე იყოს, ვინაიდან ეს დამოკიდებულია ბუნებაზე და კლიმატურ პირობებზე".



 

big_banner
არქივი