logo_geo
თეა ფირცხალავა: 1783 წლის 23 იანვარს დიდი ფრანგი მწერალი სტენდალი დაიბადა
- +

23 იანვარი. 2019. 15:48

 

 

„რუსეთი იმარჯვებს არა იმიტომ, რომ კარგია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ცუდები!!!“

 

1783 წლის 23 იანვარს გრენობლში დაიბადა ამ სიტყვების ავტორი, დიდი ფრანგი მწერალი ანრი ბეილი, რომელიც ისტორიაში სტენდალის სახელით შევიდა. სწორედ ამ სახელით შეგვიყვარდა მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები „პარმის სავანე“ და „წითელი და შავი“ და მათზე შექმნილი ფილმები – ლეგენდარული ჟერარ ფილიპის ჟულიენ სორელით და დანიელ დარიეს ლუიზათი... სტენდალის მიერ სათაურად ფერების გამოტანა ნიშნავდა არჩევანს ეკლესიასა და ჯარს შორის, რადგან წითელი – ოფიცრის მუნდირის ფერი იყო, ხოლო შავი – ეკლესიის მსახურთა სამოსისა... 1864 წლიდან ვატიკანმა აკრძალა სტენდალის სასიყვარულო რომანები, განსაკუთრებით „წითელი და შავი“ და ეს აკრძალვა მრავალი წლის მანძილზე გრძელდებოდა. იგივე ბედი ეწია სტენდალის რომანებს ნიკოლოზ I–ის რუსეთსა და ფრანკოს ესპანეთში. აქვე გეტყვით, რომ სტენდალი ეკლესიას არ სწყალობდა, რამაც, ჩემი აზრით, მის ცხოვრებასაც დაასვა დაღი. თავად არ იცოდა, რა უნდოდა, წერდა, ყველაფრის შეცნობაა შესაძლებელი, საკუთარი თავის გარდაო. ასეც იყო. ხან ფილოსოფიას სწავლობდა, ხან ენებსა და ლიტერატურას, ხან მუსიკასა და მხატვრობაზე წერდა, ხან მილანსა და პარიზზე, მაგრამ არასოდეს ივიწყებდა მისთვის მთავარს – სიყვარულსა და ვნებებს, ხოლო ჟინს აყოლილი – ხან ერთ ქალს ედებოდა, ხან მეორეს. მისი სიკვდილის შემდგომ ხმებიც დაირხა, სიფილისით გარდაიცვალაო. ვერ გეტყვით, სხვებმა იდავონ... მე ვფიქრობ, რომ სოდომურმა ცოდვებმა უწია...

 

მოკლედ, სტენდალის სამწერლო კარიერა იტალიაში დაიწყო... მერე პარიზში დაბრუნდა და ნაპოლეონის არმიის ოფიცერი გახდა. 1812 წელს იგი, დიდი მხედართმთავრის ჯარებთან ერთად, რუსეთისკენ დაიძრა და მათთან ერთად გაიარა „ჯვაროსნული“ გზა... იყო სმოლენსკში, ვიაზმაში, ვიტებსკში, ბერეზინაში... შეესწრო ბოროდინოს ბრძოლას და ცეცხლში გახვეულ მოსკოვსაც კი, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა. როდესაც დამარცხებული ნაპოლეონის ჯარმა უკან დაიხია, გაოცებული სტენდალი წერდა: „ნუთუ შესაძლებელია, რომ დონის გლეხობის უწიგნურმა ბრბომ, რომლებიც თავს კაზაკებს უწოდებენ, კუდამოძუებული გააქციონ ათასობით ფრანგი, რომლებმაც იციან, რისთვის იბრძვიან? რუსეთი იმარჯვებს არა იმიტომ, რომ კარგია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ცუდები!!!“

 

ამ გამოცდილების მქონე სტენდალი კვლავ მილანს დაუბრუნდა და აქტიურად დაიწყო ჩანაწერების გამოქვეყნება, რომლებშიც დაწვრილებით აღწერა უამრავი თავგადასავალი. მიუხედავად ამისა, სიცოცხლეში აღიარებას ვერ მიაღწია.

 

სტენდალი გარდაიცვალა პარიზში – 1842 წელს. იგი მონმარტრის სასაფლაოზე დაკრძალეს. ოფიციალური წყაროები იტყობინებოდნენ, რომ იგი ინსულტით გარდაიცვალა. როგორც გითხარით, იყო მეორე ვერსიაც... კარგა ხნით ადრე დაიბარა, რომ მისი საფლავის ქვაზე ყოფილიყო ეპიტაფია: „არრიგო ბეილი. მილანელი. წერდა, უყვარდა, ცხოვრობდა“. ეეეეჰ, ჩემო იმანო, „ღვინომ, დუდუკმა და ქალებმა“ დაღუპეს ნახევარი დუნია და შენც – სხვათა შორის.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი